დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
14 საწარმო გაჩერებულია - დიდი კრიზისი ფეროშენადნობების ადგილობრივ წარმოებაში

14 საწარმო გაჩერებულია - დიდი კრიზისი ფეროშენადნობების ადგილობრივ წარმოებაში

2023-04-19 16:05:49

ბოლო წლებში გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ცვლილებებმა ფეროშენადნობების  ადგილობრივ წარმოებას დიდი პრობლემა შეუქმნა. დარგი გამოუვალ მდგომარეობაშია.

როგორც საქართველოს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, 20-დან 14 საწარმო დროებით გაჩერებულია.

მისი თქმით, უცნობია, როდიდან შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას, რადგან ეს საკითხი მთლიანად გლობალურ ბაზრებზე პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული.

„14 მცირე და საშუალო საწარმო დროებით გაჩერდა. შექმნილ ვითარებაში რეალურად ვერ გააგრძელეს მუშაობა. მძიმე მდგომარეობაა დარგში. გლობალურ ბაზრებზე ვართ დამოკიდებული და სანამ მთელ მსოფლიოში არ შეიცვლება ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, გამოსავალს ვერ ვხედავ.

რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ფაქტობრივად დაკეტილია და ალტერნატივა არ არის. საერთაშორისო ბაზრებზე ფერო-სილიკონ-მანგანუმის ფასი მუდმივად მცირდება. 2400 დოლარი ღირდა და 1200 დოლარია, ფასი ამაზე ქვემოთაც ფიქსირდება. დაიწყება მოთხოვნა, ისევ გაჩერდება, დიდი გაურკვევლობაა.

მსხვილი საწარმოები მუშაობენ, თუმცა ნაკლები დატვირთვით. აღმოსავლეთ საქართველოში, ერთის გარდა, პრაქტიკულად ყველა გაჩერებულია“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზრის დაკარგვამ სექტორს სოლიდური ზიანი მიაყენა. იმის გამო, რომ ევრაზიულმა კავშირმა საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებს საბაჟო გადასახადი გაუძვირა, საექსპორტო არეალს რუსეთი ავტომატურად ჩამოშორდა.

როგორც ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რუსეთის ბაზარს მთლიან ექსპორტში 45% -მდე ეკავა და ამ წილის დაკარგვამ დარგში კრიზისული სიტუაცია შექმნა.

ამ ეტაპზე ქართული ფეროშენადნობების ძირითადი ბაზარი აშშ და თურქეთია. შედარებით ნაკლები რაოდენობით პროდუქცია ირანში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანში, ჩილეში, პერუში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, ყაზახეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გადის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები