დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 4 %-ით, ხოლო გენერაცია 12.5%-ით გაიზარდა

2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 4 %-ით, ხოლო გენერაცია 12.5%-ით გაიზარდა

2023-03-27 02:21:03

2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 4 %-ით გაიზარდა, ხოლო გენერაცია 12.5%-ით.

როგორც Business Insider Georgia-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით შიდა მოხმარება გაიზარდა 12 %-ით, გენერაცია კი 2022 წელს 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 20 %-ით.

სამინისტროს სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 14.238 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან - 10.85 მლრდ კვტ/სთ.

2022 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა იყო  - 1.530 მლრდ კვტ/სთ. 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა - 0.988 მლრდ კვტ/სთ 2022 წელს ქვეყნის მოხმარება - 14.8 მლრდ კვტ/სთ შეადგენდა.

„იმისათვის, რომ ქვეყანაში გენერაცია გაიზარდოს მთავრობის მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. „საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა - როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს ნიშნავს როგორც ჰიდროპოტენციალის ათვისებას, რაც საქართველოს აქვს, აგრეთვე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიურად გამოყენებას. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა“, - აცხადებენ ეკონომიკის  სამინისტროში.

აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

•  ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;

•  ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;

• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;

•  სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

„პირველმა აუქციონმა დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთა შორის. დეტალების გავრცელებისგან თავს შევიკავებ, რადგან განაცხადების შემოტანის ვადა ჯერ დასრულებული არ არის.

ამის პარალელურად, ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან. 2022 წელს ენერგეტიკის სექტორში 149.1 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიცია (მთლიანი ინვესტიციების 7.5%) განხორციელდა. აღნიშნულ სექტორში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს ჩეხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები წარმოადგენენ“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

დღეისათვის, საქართველოს ენერგოსისტემის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 4570 მგვტ. აქედან, განახლებადი ენერგიები (ჰესები+ქარის ელექტროსადგური) - არის 3406 მგვტ (74,5%), ხოლო თბოსადგურების წილია - 1164 მგვტ (25,5 %).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები