დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 წელიწადში 5 ფილიალი გავხსენით, ტანვარჯიში პოპულარული ხდება - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია

6 წელიწადში 5 ფილიალი გავხსენით, ტანვარჯიში პოპულარული ხდება - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია

2023-04-05 13:13:45

ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ პოტენციალი და რეალობად აქციონ ოცნებები.

ცნობილი ტანმოვარჯიშის მიერ პატარებისთვის შექმნილი სივრცე წლიდან წლამდე ფართოვდება და უკვე რამდენიმე ფილიალს მოიცავს, ხელს უწყობს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სპორტის ეს სახეობა საქართველოში, ბოლო რამდენიმე წელია, ვითარდება და მეტ პოპულარობას იძენს, ამიტომ არის გამოწვევები, რაც პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას უკავშირდება. რაც შეეხება პანდემიურ გამოწვევებს, როგორც ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის წარმომადგენელი ამბობს, ფაქტობრივად დაძლეულია და აკადემია ჩვეულ აქტიურ რიტმს დაუბრუნდა.

სულ ახლახან აკადემიის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი keticup 2023 მოეწყო.

„შეჯიბრი 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველომ წელს განსაკუთრებით კარგად იასპარეზა. მოასპარეზეები 12 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები, 200 -ზე მეტი მონაწილე. ჩვენი აკადემიის წევრებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს და დაგვარწმუნეს, რომ სპორტის ამ სახეობას ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი საქმიანობის მიზანიც ეს არის - ტანვარჯიშის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ცხადია, ყველა ვერ გახდება ჩემპიონი, სპორტს პროფესიულ დონეზე ვერ გაჰყვება, მაგრამ მთავარია, რომ ბავშვები ბევრს ვარჯიშობენ და სწავლობენ, როგორ იცხოვრონ უფრო აქტიურად და ჯანსაღად, აიხდინონ ოცნებები და ჰქონდეთ სივრცე, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობენ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

თუმცა აკადემიის გამოწვევა სწორედ ამ სივრცეს უკავშირდება, კერძოდ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონას.

„დარბაზები ნაკლებად ხელმისაწვდომია, მითუმეტეს, კეთილმოწყობილი სივრცეები ტანმოვარჯიშეებისთვის დიდი პრობლემაა. უმაღლესი ჭერი, როგორიც გვჭირდება, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ნაკლებადაა. ამ მხრივ სექტორი ხელშეწყობას საჭიროებს. აქტიურად ვართ ჩართული და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო პოპულარული გახდეს.

პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ ეს სირთულეებიც დავძლიეთ, ისევ დაიწყო ტურნირები საზღვარგარეთ, წელიწადში რამდენიმეჯერ გვიწევს გასვლა სხვადასხვა შეჯიბრში, სადაც ჩვენი ტანმოვარჯიშეების შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ყველაფრის მიღმა კი მონდომება, შრომა და გუნდის ყველა წევრის ჩართულობაა - პროფესიონალიზმი და განვითარების მუდმივი სურვილი“, - აცხადებენ აკადემიაში.

ცნობისთვის, ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია თბილისში 2017 წელს დაარსდა. წევრები 4-დან 14 წლამდე გოგონები არიან, რომლებიც სპორტის ამ სახეობას მაღალ დონეზე ეუფლებიან და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ წარმატებებს აღწევენ.

ამ ეტაპზე აკადემია უკვე 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 წუთის წინ

9 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები