მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

რჩევები ბიზნესს - რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას

news image
mbc image

ბიზნესის გაფართოვება ან ახალი საქმიანობის დაწყება ხშირად დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას მოითხოვს. ბიზნეს-სესხი, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტი, მეწარმეებს ეხმარება საჭირო ინვესტიციების განხორციელებაში. თუმცა, საფინანსო პროდუქტის წარმატებით მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების სწორად მომზადება. „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

საბანკო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით იხელმძღვანელონ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დეტალურად აფასებენ მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. ეს პროცესი მოიცავს შემოსავლების, ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების სრულ ანალიზს. ამისთვის, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისე - მეწარმე იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი – ოფიციალური მოთხოვნა ფინანსური მომსახურების მიღების თაობაზე;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაცია - წესდება, სადამფუძნებლო შეთანხმება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
  • ფინანსური ანგარიშგება - იურიდიული პირების შემთხვევაში - საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - საბანკო ამონაწერი და ცნობა შემოსავლების სამსახურიდან;
  • ბიზნეს-გეგმა – ბიზნესის საქმიანობის, მიზნების, სტრატეგიის, სამომავლო გეგმებისა და ფინანსური პროგნოზების ამსახველი დოკუმენტი;
  • უზრუნველყოფის დოკუმენტები – უძრავი/მოძრავი ქონების ან სხვა აქტივების შეფასების აქტები და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გარდა ამისა, მეწარმე ფიზიკურმა პირებმა შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საქმიანობას და შესაბამის შემოსავალს, მათ შორის:

  • საქმიანობის ადგილზე ვიზიტისა და შემოსავლების შეფასების აქტები;
  • ბაზრის საშუალო შემოსავლის გათვალისწინებით შედგენილი შეფასებები;
  • საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ლიცენზია, სერტიფიკატი, დიპლომი და სხვა).

საბანკო დაწესებულება დეტალურად აფასებს ზემოხსენებულ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის სრული ანალიზის საფუძველზე, კერძოდ - პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზის, მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებისა და მსესხებლის/თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიის შემოწმების შედეგად. 

ბიზნეს-სესხის გაცემისას საბანკო დაწესებულება იურიდიულ პირს უხსნის საკრედიტო ხაზს (გენერალური ხელშეკრულება), რითაც კლიენტს უდასტურებს თანამშრომლობის სურვილს, ადგენს კლიენტის საკრედიტო ლიმიტის თანხასა და მაქსიმალურ განაკვეთებს (წლიური პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვ. გადასახადების სახით). შესაბამისი გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის და სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, როგორც წესი, საკრედიტო ხაზის გახსნის პარალელურად ფორმდება. ამდენად, საბანკო დაწესებულება წინასწარ უზრუნველყოფს მომავალ კრედიტებს, ხოლო კლიენტს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და მარტივად შეუძლია სასურველი თანხის მიღება შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

ბიზნეს-სესხის წარმატებით მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა ზემოხსენებული დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენა, რაც გაამარტივებს ფინანსური რესურსების მოპოვების პროცესს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში

17.07.2026.16:43

2026 წლის 9 ივლისს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში. ცვლილებების შესახებ დეტალურად საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია.

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესში შესული ცვლილებები არსებითად შეეხება რამდენიმე მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა, დადგენილება აღარ ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის წინასწარ გამოცხადების ვალდებულებას. სანაცვლოდ, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, იგი ვალდებულია, განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სააგენტოს შეუთანხმოს წლიური კვოტა პორტალის მეშვეობით.

კვოტის მოპოვებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მან ზემოხსენებული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.

შედეგად, სააგენტო დამსაქმებელს განუსაზღვრავს წლიურ კვოტას, რომლის ფარგლებშიც მას ექნება უფლება, კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. კვოტა შესაძლებელია გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენისას.

საყურადღებოა, რომ თუ ადგილობრივი დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში მის მიმართ განსაზღვრულ კვოტას სრულად არ აითვისებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დამსაქმებელთან მიმართებით მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას შეამციროს კვოტა.

ცვლილების შედეგად დაზუსტდა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად იმიგრანტის პასპორტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების ხელახალი მოპოვების/შეტყობინების ვალდებულება დამსაქმებელზე არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შეეხება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონეს, ხელფასს ან სამუშაო განრიგს.

დადგენილებაში გათვალისწინებულ იქნა ის შემთხვევებიც, რომლებზეც არ ვრცელდება საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება. მათ შორისაა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა/მომსახურება. დადგენილების თანახმად, მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს შრომითი იმიგრანტის მიერ ქვეყანაში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყების დღიდან კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს, არაუმეტეს შრომითი იმიგრანტის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პერიოდისა.

ამასთან, შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ვალდებულება, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge და წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის, ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი შრომითი იმიგრანტის შესახებ.

და ბოლოს, დადგენილება განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად. მაგალითად, თუ იმიგრანტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული პორტალზე, საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე ან ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ 0-კვოტიან საქმიანობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა