2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
„ჯამბო“ პირველი ყავის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ახლად მოხალულ ყავას სთავაზობს სუპერმაკეტში. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს “, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.
სხვა სიახლეები
„მეღვინეობა ჯობავამ“ ასორტიმენტი გააფართოვა
10.07.2026.18:00
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც მომხმარებელს ცოტა ხნის წინ ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თაკო ჯობავამ, განუცხადა.
ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინეთ. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და რით გამოირჩევა ის მეღვინეობა ჯობავას არსებული პორტფელისგან?
ახალი კოლექციის შექმნისას ორი მთავარი მიზანი გვქონდა. ერთის მხრივ, გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი, არომატული და ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებით შეეფერება გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონს. სწორედ ამიტომ კოლექციას დაემატა ნახევრად მშრალი ქისი და როზე - ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილოვანი არომატებით, სიახლითა და სასიამოვნო ბალანსით.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ჩვენი დაცული ადგილწარმოშობის (PDO) ღვინოების პორტფოლიოს გაფართოება. მიგვაჩნია, რომ ადგილწარმოშობის ღვინოები საუკეთესოდ წარმოაჩენს კონკრეტული მიკროზონების უნიკალურ ხასიათსა და საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ახალ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მანავი მწვანესა და წინანდალს, რომლებსაც უახლოეს მომავალაში წარვუდგენთ მომხმარებელს.
კოლექციას ასევე დაემატა მშრალი საფერავი როზე, რომელმაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი ასორტიმენტი. შედეგად, მომხმარებელს შევთავაზეთ ღვინოების უფრო ფართო არჩევანი სხვადასხვა გემოვნებისა და სხვადასხვა შემთხვევისთვის, ხარისხის იმავე სტანდარტის შენარჩუნებით, რომელიც მეღვინეობა ჯობავასთვის დამახასიათებელია.
რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი კოლექციის ღვინოები და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?
ახალი კოლექციის ფორმირებისას ვიხელმძღვანელეთ როგორც ბაზრის მოთხოვნებით, ისე ჩვენი ბრენდის განვითარების სტრატეგიით. გვინდოდა, ერთის მხრივ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო, მსუბუქი და არომატული ღვინოები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა საქართველოს უნიკალური ვაზის ჯიშები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.
კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც ფართო მომხმარებლისთვის მიმზიდველია, ასევე PDO ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღვინის წარმოშობას, ტერუარსა და ავთენტურობას აფასებს.

ეს ხაზი გათვლილია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ქართულ ადგილობრივ ჯიშებსა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებზე წლიდან წლამდე იზრდება.
როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რა ტენდენციებს აკვირდებით მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ხარისხიან ღვინოს, არამედ მის ისტორიას, წარმოშობასა და უნიკალურობას. სწორედ ამ მიმართულებით ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.
ადგილობრივ ბაზარზეც აშკარად ჩანს, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება სხვადასხვა ღვინის სტილით, ადგილობრივი ვაზის ჯიშებითა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებით. ამავდროულად, იზრდება მოთხოვნა მსუბუქ, არომატულ და როზე ღვინოებზე, რაც მსოფლიო ტენდენციებსაც სრულად შეესაბამება.
ვფიქრობ, ეს ქართული მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის ღვინოები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ღვინის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.
მომავალში, რა მიმართულებებზე იქნება „მეღვინეობა ჯობავას“ მთავარი ფოკუსი? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას, ინვესტიციებს, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას ან პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. ჩვენი მიზანია, „მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე და ქართული ღვინო ახალ მომხმარებლამდე მივიტანოთ.
ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის ათვისებაზე. პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას ხარისხის გაუმჯობესებაში, საწარმოო პროცესების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებაში, რათა სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „მეღვინეობა ჯობავა“ ასოცირდებოდეს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან, ინოვაციებთან და იმ ღირებულებებთან, რომლებიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს.
ინფორმაციისთვის, „მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.