ალდაგის ორგანიზებით მევენახე-ფერმერებთან შეხვედრა შედგა
ალდაგისა და ელკანას პარტნიორობის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მევენახე-ფერმერებთან ტრენინგ შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი, ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად, პრაქტიკული რჩევებისა და აღნიშნულ პროცესში, დაზღვევის მნიშვნელობის გაზიარება იყო.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, ელკანა, ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას;
ღონისძიებაზე მოწვეულმა მეღვინე-ტექნოლოგმა, გიორგი ბარისაშვილმა, ფერმერებს ვენახის მოვლის, კულტივაციისა და ქვევრიანი ღვინის წარმოების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. ძირითადი აქცენტი, კი, გვალვის შედეგად დამდგარი ზარალის შემცირებაზე და რისკების დაზღვევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
“აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მათ დაეხმარება წარმოების გაზრდასა და დარგის განვითარებაზე. კლიმატის ცვლილებების გავლენა მევენახეობაზე სულ უფრო საგრძნობი ხდება და აღნიშნული ტრენინგის მიზანიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის, სასარგებლო რეკომენდაციების გაზიარება იყო,“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს. ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას შესაძლებლობა აქვთ, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
16.07.2026.17:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში და „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ეკატერინე სურმავა და სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური.
შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის განახლებული წესები, ვადები და პროცედურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 15 აპრილს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის #70 დადგენილებით დააზუსტა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებების მთავარი მიზანი შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მათი პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფაა.
განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელოვნად დაზუსტდა საგამონაკლისო კატეგორიები და განისაზღვრა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ზუსტი ჩამონათვალი, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ ვრცელდება. მათ შორის არიან სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულები, I, II და III კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოების წევრები, სრულად დისტანციურად მომუშავე უცხოელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის გარეშე მუშაობენ ადგილობრივი დამსაქმებლისთვის, ასევე არარეზიდენტი პირებისთვის მომსახურების გამწევები, კულტურული მემკვიდრეობის სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული პირები და სხვა განსაზღვრული კატეგორიები.
ცვლილებების ფარგლებში პირველად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელების პროცედურა, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 4 თვის ვადით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებამდე დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია წინასწარ, სრულიად უფასოდ განახორციელოს რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო კომპანიების მხრიდან მათი დასაქმებულებისათვის შრომითი საქმიანობის ნებართვის მოპოვების წესსაც. კერძოდ, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას, მან შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით სააგენტოსთან წლიური კვოტა უნდა შეათანხმოს. კვოტირების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვა, რაც თითოეულ დასაქმებულ უცხოელზე არანაკლებ 50 000 ლარს შეადგენს.
„ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დროული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია საოპერაციო პროცესების შეუფერხებელ მუშაობასთან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვისმინოთ პრაქტიკული განმარტებები, რაც კომპანიებს ახალ წესებთან სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციაში დაეხმარება", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა პრაქტიკულ საკითხზე. შრომითი მიგრაციის ახალ წესებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრული ჩამონათვალი და დამატებითი საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომია ოფიციალურ პორტალზე: labourmigration.moh.gov.ge.