ავიაციის დეკარბონიზაცია 2050 წლისთვის - Wizz Air-მა Net Zero სტრატეგია წარადგინა
Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიახაზებმა, ოფიციალურად წარადგინა ყოვლისმომცველი სტრატეგია ნახშირბადის ნულოვანი ემისიის (Net Zero) მისაღწევად 2050 წლისთვის. ინიციატივა Flying Towards Net Zero ავიაციის დეკარბონიზაციის კონკრეტულ გზებსა და ქმედით ნაბიჯებზეა ორიენტირებული. სტრატეგია ემყარება სამ ძირითად მიმართულებას – ფრენებს (30%-იანი შემცირება ავიატექნოლოგიებისა და ფლოტის განახლებით), საწვავსა (53%-იანი შემცირება SAF-ის გამოყენებით) და ზეგავლენას (4%-იანი შემცირება საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების მოდერნიზაციით).
კომპანიამ, თავისი ახალი ინიციატივის Customer First Compass-ის ფარგლებში, უკვე განახორციელა 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია ოპერაციების გაუმჯობესებაში, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიის მქონე თვითმფრინავებისა და SAF-ის წარმოებაში. ეს ნაბიჯები ასახავს Wizz Air-ის მიზანმიმართულ მიდგომას, რომ ავიაციამ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი როლი ევროპაში კავშირისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაში.
ინიციატივის წარდგენა ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როდესაც ავიაციის ინდუსტრიას აშკარად უჭირს 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიზნის მიღწევა, ხოლო რეგულაციებისგან გამოწვეული ხარჯების ზრდა საფრთხეს უქმნის ევროპული ავიაციის კონკურენტუნარიანობას. კლიმატური ცვლილებები კვლავ სერიოზულ ბიზნეს და ფინანსურ რისკებს ქმნის. შესაბამისად, ამ გამოწვევებზე რეაგირება ისევე როგორც ეკოლოგიური, ასევე სტრატეგიული აუცილებლობაა ევროპული ავიაციის მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და გამძლეობის შესანარჩუნებლად.
რეალისტური გზამკვლევი ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მისაღწევად
Flying Towards Net Zero შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) გრძელვადიან კლიმატურ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო ავიაციის მიერ ნულოვანი ემისიის მიღწევას 2050 წლისთვის. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროგრესის ინდუსტრიალიზაციაზე, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. Wizz Air-ის სტრატეგია პირდაპირ პასუხობს ამ რეალობას.
სტრატეგია ემყარება ხუთ ძირითად მიმართულებას:
• 53% დეკარბონიზაცია SAF-ის გაზრდილი მოხმარებით;
• 21% დეკარბონიზაცია ინოვაციური ავიატექნოლოგიებისა და ძრავების გამოყენებით;
• 7% დეკარბონიზაცია ფლოტის განახლებით;
• 4% დეკარბონიზაცია საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების რეფორმით;
• 2% დეკარბონიზაცია ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდით.
კონკურენტებთან შედარებით ავიაკომპანია უფრო დიდ აქცენტს აკეთებს SAF-ისა და ინოვაციური ავიატექნოლოგიების მნიშვნელობაზე, ვიდრე დაუმტკიცებელ ტექნოლოგიებსა და ემისიების კომპენსაციაზე.
ფრენები. საწვავი. ზეგავლენა – რადიკალური ცვლილებისკენ სვლა
• ფრენები – ინოვაციური მიდგომები უფრო სწრაფად უნდა დაინერგოს ავიაციაში
Wizz Air-ს მსოფლიოში ყველაზე დაბალი ემისიის მაჩვენებელი აქვს და მიზნად ისახავს ემისიების 25%-ით შემცირებას 2030 წლისთვის. ავიაკომპანია ევროპაში ყველაზე ახალ, ენერგოეფექტურ ფლოტს ფლობს (Airbus A321neo). Wizz Air-ი ინოვაციებში ინვესტიციას ახორციელებს Customer First Compass-ის ფარგლებში. ამ მიზნების მისაღწევად ავიაციას სჭირდება რადიკალური ცვლილებები – თვითმფრინავებმა უნდა შეძლონ მაღალი კონცენტრაციის SAF-ის მიღება, რაც დღევანდელი რეგულაციებით შეზღუდულია.
• საწვავი – აუცილებელია SAF-ის მასობრივი წარმოება
SAF წარმოადგენს Wizz Air-ის Net Zero სტრატეგიის მთავარ საყრდენს და ყველაზე ძლიერ ბერკეტს დეკარბონიზაციისთვის. კომპანია აქტიურად დებს კაპიტალს SAF-ის წარმოებაში, მონაწილეობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში და თანამშრომლობს SAF-ის მწარმოებელ კომპანიებთან. თუმცა, SAF-ის დღევანდელი წარმოება შეზღუდულია, ხოლო ფასი – არაკონკურენტული დაბალბიუჯეტიანი მოდელისთვის. ამიტომ, აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა შექმნან გრძელვადიანი სტიმულირების პოლიტიკა, როგორიცაა მდგრადი ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც SAF-ის ფართო გამოყენებას შეუწყობს ხელს და დააბალანსებს ფასების სხვაობას ჩვეულებრივ ავიასაწვავთან შედარებით.
• ზეგავლენა – ინფრასტრუქტურული რეფორმის განხორციელება
საჰაერო მოძრაობის არაეფექტური მენეჯმენტი ყოველწლიურად მილიონობით ტონა ზედმეტ ემისიას წარმოქმნის. აუცილებელია საჰაერო სივრცის მოდერნიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებს მოსთხოვეს ემისიების შემცირება, მოძველებული რეგულაციები და ინფრასტრუქტურული ჩამორჩენილობა აჩერებს პროცესს. Wizz Air-ი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ოპერაციების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, თუმცა სხვა ავიაკომპანიებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ინიციატივაში.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG დირექტორი:
„Wizz Air-ი მხარს უჭერს ავიაციის დეკარბონიზაციის ამბიციურ ხედვას, მაგრამ ცვლილებების ტემპი საკმარისი არ არის და რადიკალური ქმედებების გარეშე ავიაცია ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. დეკარბონიზაციის გზა სავსეა გაურკვევლობებით – მთავარი გამოწვევები მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის არ არის. ისინი პოლიტიკას, ინვესტიციებს, ბაზრის დინამიკასა და დროულ აღსრულებასაც მოიცავს. მეცნიერული პროგრესიც დაბრკოლებებს აწყდება – ფასების, ინფრასტრუქტურისა და რეგულაციების თვალსაზრისით.
ჩვენ გვჭირდება ქმედებები და არა მხოლოდ მიზნები. ამიტომაც მივმართავთ მთავრობებს, რეგულატორებსა და საწვავის ინდუსტრიას – დროა, რეალობას თვალი გაუსწოროთ და განახორციელოთ ცვლილებები, რომლებიც ნულოვან ემისიას რეალობად აქცევს. ფრენები, საწვავი, ზეგავლენა - ესაა ჩვენი ვალდებულება. ესაა ჩვენი გზა. ასე ვაგრძელებთ სვლას ნულოვანი ემისიისკენ.”
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.
სხვა სიახლეები
ღია სცენა "თაკარა“ და სუხიშვილების ახალი დადგმა “რეკონსტრუქცია”, როგორც არ გაჩერების მუდმივი მოძრაობა
12.08.2026.18:49
საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხემ კვლავ ერთ სივრცეში - „თაკარას“ ღია სცენაზე მოიყარა თავი. მეექვსე წელია რაც ამ ექსპერიმენტულ სცენაზე ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზით ერთიანდება ყველაფერი ის, რაც ქართულ ცეკვას საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა - ისტორია, ხასიათი, მოძრაობა და ემოცია.
საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შექმნილი „თაკარა“, „სუხიშვილების“ უწყვეტი მოძრაობის, განვითარებისა და შთაგონების სივრცეა. ადგილი, სადაც 80 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ხედვას ხვდება, ხოლო ტრადიცია ყოველ სეზონზე ახალ სიცოცხლეს იძენს.
„რეკონსტრუქცია“
„თაკარას“ თითოეული სეზონი განსხვავებული იდეითა და სახელწოდებით იქმნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „სუხიშვილები“ არასდროს ჩერდებიან, მუდმივად ავითარებენ საკუთარ ხელწერას და ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.
ცვლილებები მხოლოდ მუსიკას, კოსტიუმებსა და ქორეოგრაფიას არ ეხება. წელს მნიშვნელოვანი გარდასახვა თავად სივრცემაც განიცადა - განახლებული „თაკარა“ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და მაყურებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
როგორც ანსამბლის დირექტორი, გენერალური პროდიუსერი და კოსტიუმების მხატვარი, ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ პროცესებმა განსაზღვრა წლევანდელი პროგრამის სახელწოდებაც - „რეკონსტრუქცია“.
„თაკარას სცენა შთაგონების ადგილია. ამ სცენიდან მოდის იდეები. სახელწოდება „რეკონსტრუქცია“ თავად პროცესმა გვიკარნახა. „თაკარას“ ღია სცენამ დიდი ცვლილებები განიცადა. დაემატა ლოჟები, ტერასები, გაიზარდა ადგილების რაოდენობა და სივრცე ახლა კიდევ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. სწორედ ამ განახლების პარალელურად ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე და საბოლოოდ სახელიც ამ იდეას დავუკავშირეთ”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ნომერია „ორღობე“. უახლესი ცეკვა, რომელიც სოფლის დღესასწაულს, სიხალისესა და ერთიანობას აცოცხლებს.
“ორღობეს“ ცეკვა „თაკარას“ სივრცეში დაიბადა. თავდაპირველად, მისი რეკონსტრუქცია ორღობეში დაიწყო. ცეკვის არქიტექტურა ისე ჩამოყალიბდა, რომ მოცეკვავეები ორ რიგად, წყვილებად მოძრაობენ. იქმნება განცდა, თითქოს მაყურებლის წინაშე მართლაც სოფლის ორღობეში მიმდინარე ცეკვა-თამაშია. დღესასწაული, სიხალისე და სიმხიარულე,“ - გვიყვება ნინო სუხიშვილი.
და მაინც, მთავარი სცენა საქართველოა
ქართული ცეკვა ჯერ სცენის მიღმა იბადება - მთაში, ზღვის ნაპირზე, სოფლის ეზოებში, შრომაში, დღესასწაულსა და ყოველდღიურობაში. იქ, სადაც თითოეულ მოძრაობას თავისი ისტორია აქვს, ხოლო თითოეული რიტმი იმ ხალხის ხასიათს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს ასახავს, რომელმაც ის შექმნა.
სწორედ ეს მრავალფეროვნება ერთიანდება „თაკარას“ სცენაზეც, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოძრაობად იქცევა. აქ ცოცხლდება იდეა, რომელსაც საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი „საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება“ გადმოსცემს - სვანური სიმტკიცე, მთიულური სილაღე, აჭარული მოძრაობის ელეგანტურობა, ხორუმის ძალა და ერთიანობის განცდა, რომ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, თითოეული ცეკვა ერთ უწყვეტ მოძრაობას ქმნის.
კერძოდ, „ქარაფშაში“ თავისუფალი მოძრაობა და იმპროვიზაცია იგრძნობა, „ჯარა“ კი სვანური სიზუსტითა და დისციპლინით გამოირჩევა. მათგან განსხვავებული ენერგია მოაქვს აჭარულ „კინტრიშს“ - მსუბუქსა და სიცოცხლით სავსე ცეკვას. ექსპერიმენტული სივრცე „თაკარასთვის“ ორგანულია ქალის მრავალმხრივი ბუნება - სცენაზე ის ერთდროულად ასახავს სინაზესა და მგრძნობიარობას, თუმცა ამავდროულად ავლენს ხასიათის სიმტკიცეს, ძალასა და ურყევ მიზანდასახულობას.
„ბევრი კუთხის ცეკვა გვაქვს წარმოდგენილი: სვანური, მთიულური, ხორუმის უახლესი ვერსია, სადაც ქალები და კაცები ერთად ცეკვავენ. ამ ცეკვაში თითქოს სამიზნე საქართველო ხდება. ასევე წარმოდგენილია აჭარული ცეკვებიც. ზოგადად, არის კომპოზიციები, სადაც სხვადასხვა კუთხის ილეთები ერთიანდება და ამ ყველაფრით თითქოს საქართველოს ერთიანობას ვუსვამთ ხაზს. ცეკვების შერჩევა ხდება სხვადასხვანაირად. თაკარას სცენაზე არაერთი სახელწოდებით გვქონია პროგრამა გატანილი. კოსტიუმებიც შეიცვალა, ცეკვები გადაკეთდა. ჩემი პირადი აზრია, რომ „რეკონსტრუქცია“ იყო ყველაზე წარმატებული პროგრამა, რაც კი გამოგვიტანია.“ - ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული კუთხე საკუთარ ამბავს ჰყვება, თუმცა საბოლოოდ ყველა მოძრაობა ერთ საერთო ისტორიამდე საქართველომდე მიდის.
ძველისა და ახლის სინთეზი
„თაკარას რეკონსტრუქციის“ მთავარი იდეა ძველისა და ახლის სინთეზშია, რომელიც უწყვეტ განვითარებას გამოხატავს. გზა, სადაც ტრადიცია მუდმივად მოძრაობს, ახალ იდეებს ხვდება და თანამედროვე ფორმით აგრძელებს არსებობას. თითოეული სეზონი ახლის ძიების, ექსპერიმენტისა და განვითარების გაგრძელებაა, რაც „სუხიშვილების“ ხელწერას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც ნაციონალური ბალეტის წევრად გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნინო სუხიშვილის თქმით, ყოველი ახალი იდეის უკან კონკრეტული ემოცია და სათქმელი დგას - ხშირად ისეთი გზავნილები, რომლებიც პირდაპირ არ ითქმის, თუმცა მოძრაობაში, მუსიკასა და სცენურ ენაში იკითხება.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, იმ მოვლენებს, რასაც ვგრძნობთ და რაც ჩვენს გულში ტრიალებს, რაღაც ფორმით შევეხოთ. შეიძლება პირდაპირ არ ვთქვათ, მაგრამ აუცილებლად ვცდილობთ, თითოეულ ნამუშევარში ჩვენი პატარა კოდი დავტოვოთ,“ - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
„თაკარას“ წლევანდელი სეზონი დასრულდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალი სეზონის გახსნას, ახალი დადგმებით.
“სუხიშვილები” – საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.
საქართველოს ბანკი – „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი.