ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. რიჩარდ ქოქრილის რჩეული მოთამაშეები ჯერ თბილისში შეიკრიბნენ; რამდენიმე დღეში კი, მზადება ბათუმში გააგრძელეს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეს უხმო:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, კახა დარბაიძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე (ყველა - შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ვანო კარკაძე, თემურ წულუკიძე (ოიონა), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), ბექა გორგაძე (პო), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), აკაკი ტაბუცაძე, თენგიზ პერანიძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა (ყველა - შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ნინიაშვილი (ლა როშელი).
8 ნოემბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ. 15 ნოემბერს კი, ამავე სტადიონზე კანადას დაუხვდებიან.
შემოდგომის ტესტების ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 22 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც ჩვენი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება.
ამ ტესტებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება კალათები 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრის წინ.
ახალი თაობის მორაგბეების, გამოცდილი მოთამაშეებისა და ტალანტების ერთ გუნდში ხილვა, გვაძლევს გამარჯვებისა და წინსვლის იმედს.
#ერთადგავიმარჯვებთ, თიბისისთან ერთად!
სხვა სიახლეები
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი
04.09.2026.19:00
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.
ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.
ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.
როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?
მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.
ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.
რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.
პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.
მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.
ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?
2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.
ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.
თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.