„ბოსტოღანამ" პირველი ექსპორტი იტალიაში განახორციელა
ღვინის კომპანია „ბოსტოღანამ“, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება ექსპორტი იტალიაში განახორციელა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ბაშარულმა განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„ბოსტოღანა“ ბოლო 6 თვეა აქტიურად მუშაობდა ექსპორტის მიმართულებით. მოლაპარაკებები გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოოდ მოვახერხეთ და „ბოსტოღანას“, უღალატო ქიზიყური ღვინის გასინჯვა ღვინის მოყვარულებს უკვე იტალიაში, კერძოდ რომში შეუძლიათ. ეს კომპანიისთვის განსაკუთრებული მომენტია, ვინაიდან ეს იყო ჩვენი პირველი ექსპორტი ევროპაში.
ამავდროულად, მოუთმენლად ველოდებით ჩვენთვის განსაკუთრებულ ცერემონიას. „ბოსტოღანა“ შეირჩა IWSC-ის 2025 წლის 50 საუკეთესო მეღვინეობებს შორის. ცერემონია ლონდონში 12 ნოემბერს გაიმართება. ამ აღიარებას იღებენ ის მეღვინეები, რომლებიც მუდმივად აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის ღვინოს.

ეს აღიარება მნიშვნელოვანია „ბოსტოღანასთვის“, ჩვენს თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა ის პრინციპები და დამოკიდებულებები, რომელიც ჩვენი საქმის და ქართული მეღვინეობის მიმართ გვაქვს. ამიტომაც არის „ბოსტოღანა“ უღალატო, არასდროს არ დააღალატებს ადამიანებს და იქნება მათი ცხოვრების თანმდევი გულისა და სულის საამებლად.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართელოში იმატა ღვინის წარმოებამ, მაინც არის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომაც ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა სულ არის და შესაბამისად ინტერესიც. თუკი გადავხედავთ ღვინის ფესტივალებზე ადამიანების ჩართულობას ვნახავთ რომ ყოველ წელს ინტერესი იზრდება. მაგრამ მხოლოდ ინტერესი არ კმარა ამ ეტაპზე მეღვინეები ისევ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, რაც არის ღვინის სწორად მოხმარების კულტურა. ვფიქრობ, რომ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებლად გამოიღებს შედეგს დროთა განმავლობაში.
როგორია "ბოსტოღანას" სამომავლო გეგმები საექსპორტო ბაზრებისა და
ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
სამომავლოდ, „ბოსტოღანა“ ფიქრობს ექსპორტის გაფართოებას, რა თქმა უნდა მხოლოდ იტალიაზე არ გავჩერდებით, ამაზე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ. გვინდა რომ ბევრ ადამიანს მოვუყვეთ ქვეყნის გარეთ ქართულ მეღვინეობაზე და კერძოდ, ქიზიყზე და ჩვენს უღალატო მეომარზე, რომელიც უცხოელი მომხმარებლების ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ყველას აინტერესებს ამბები მეომარზე და განსაკუთრებული დიზაინი, რომელიც „ბოსტოღანას“ გამოარჩევს სხვა მეღვინეობებისგან.

ამ ეტაპზე „ბოსტოღანა“ მიყვება ტრადიციულ კახურ მეღვინეობას, ტიბაანის მიკროზონაში ჩვენი პირადი ვენახებიდან ვაწარმოებთ: საფერავს, ქისს, მწვანე კახურსა და რქაწითელს. გეგმაშია როზე, რომელსაც სამომავლოდ ვპირდებით ღვინის მოყვარულებს. და რადგან ვამბობთ გავაკეთებთ ჩვენ ხომ ქიზიყელები ვართ და სიტყვას არასდროს ვღალატობთ.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.