ეკოტურიზმი „დურგლის სახლში“ - გაიცანით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
“დურგლის სახლი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში დგას. საოჯახო ტიპის მცირე ზომის სასტუმრო დამსვენებლებს ეკოტურისტულ სერვისს სთავაზობს, მისი იდეა კი სრულად მდგრადი ტურიზმის იდეოლოგიას ეფუძნება. თითოეული დეტალი, მათ შორის უნიკალური ხის ინტერიერი და ხელნაკეთი ავეჯი, ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. სწორედ ესაა დურგლის სახლის მთავარი უპირატესობა, რომელსაც მეწარმე მარიამ ფედროვი და მისი ოჯახი განსაკუთრებულად უფრთხილდება.
„დურგლის სახლის“ ისტორია კი ხუთი წლის წინ დაიწყო, როცა პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა. “სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობისა და აღმოჩენის სიყვარული აუცილებლად სხვა ქვეყნებს არ უკავშირდება. ამიტომაც ქართული რეგიონების ტრადიციებისა და უნიკალურობის კვლევა დაივწყე. ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი მშობლიურ გურიაში, ჩვენს ოჯახურ სახლში დავინახე“, - იხსენებს მეწარმე.
გასულ წელს მარიამმა პროექტი დაწერა, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და განვითარებას აგრძელებს. საქმიანობის გაძლიერების მიზნითვე მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაშიც“, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება იყო. პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე და ეს ჩემი, როგორც მეწარმის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ბრწყინვალე შესაძლებლობად ჩავთვალე“, - აღნიშნავს მარიამი.
მისი თქმით, ექვსი მოდულისგან შემდგარი სამი სატრენინგო დღე შინაარსობრივად ინფორმაციული და საინტერესო იყო.
„განსაკუთრებით სასარგებლოა პროფესიონალებთან ერთად ისეთი საკითხებზე მსჯელობა, როგორებიცაა ციფრული კომუნიკაცია, ბიზნესის სტრატეგიები, ბიზნესმოდელი და დაფინანსების წყაროები, ელექტრონული კომერცია და ხელოვნური ინტელექტის როლი ბიზნესის ოპერირებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდით ჩვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე წარმოება-გაყიდვის სწორ პროგნოზირებაზე, პროდუქტის თუ სერვისის სწორ პოზიციონირებაზე“.
მარიამი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე დიდი სიახლე ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების ვორკშოპი იყო. აქამდე მხოლოდ რამდენიმე AI მოდელის საბაზისო ფუნქციებით სარგებლობდა, თუმცა ახლა უკვე შეუძლია კონკრეტული AI პლატფორმები სხვადასხვა მიზნისა თუ ამოცანის შესასრულებლად გამოიყენოს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, თოთხმეტი საინტერესო და შთამაგონებელი მეწარმე ქალის გაცნობა და მათთან საქმიანი კავშირების დამყარება იყო. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისე არაფერი აძლიერებს მეწარმეს, როგორც სხვა დამწყებ თუ უკვე წარმატებულ თანამოაზრესთან ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა-გაზიარება“.
მიღებული გამოცდილების გამოყენებას ახლა მარიამი საკუთარი მოკლევადიანი თუ შორეული მიზნების მისაღწევად აპირებს.
„ჩემი, როგორც დამწყები მეწარმის, მოკლევადიანი მიზანი პროექტ „დურგლის სახლის“ წარმატებული სტარტის შენარჩუნება და კონკურენტუნარიანი სერვისით საქართველოს ეკოტურისტულ ბაზარზე დამკვიდრებაა. ამ ეტაპზე პრიორიტეტულია საცხოვრებელი და საერთო სივრცეების ეტაპობრივად სრულად აღჭურვა, რათა სტუმრებს კომფორტული და დასამახსოვრებელი გარემო დავახვედრო. პარალელურად, ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობ. გრძელვადიანი მიზანი კი ბიზნესის გაფართოებასა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვას უკავშირდება“, - ამბობს მარიამ ფედროვი.
„დურგლის სახლის“ სტრატეგიული ხედვა ოთხ მთავარ მიმართულებას ეფუძნება:
1. ავთენტურობა და ისტორია - „დურგლის სახლის“ მთავარი ხაზი ოჯახური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე გადის.
2. დივერსიფიცირებული გამოცდილება - სტუმრებს კომბინირებულ სერვისებს სთავაზობენ: განთავსებას, ფოლკლორულ პროგრამებს, კულინარიულ მასტერკლასებს, ხეზე მუშაობის დემონსტრაციასა და სხვა აქტივობებს.
3. პერსონალიზაცია - მცირე მასშტაბის ობიექტი მასპინძლებს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ სტუმარს ინდივიდუალური, მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება გაუწიონ.
4. მდგრადი პოზიციონირება - ბიზნესი „ნელი ტურიზმის“ (slow tourism) ფილოსოფიას: ავთენტურ, ეკომეგობრულ და კულტურულად მდიდარ გამოცდილებას ეფუძნება.
„ყველაზე დიდი მიღწევა კი ის რწმენა და მოტივაციაა, რომელსაც ოჯახური ბიზნესი ადგილობრივებში აჩენს. ვხედავთ, რომ „დურგლის სახლი“ მათთვის შთაგონების წყაროა და გვიხარია, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პროექტი ადგილობრივი ეკონომიკისა და თემის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი ბრენდის სანდოობა და ცნობადობა სწორედ ამ უკუკავშირზეა დაფუძნებული“, - დასძენს მარიამ ფედროვი.
ინფორმაციისთვის, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე - ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
ამჟამად პროგრამის მე-12 ნაკადზე მიღება გამოცხადდა. პროგრამა ბათუმში 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ICT მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.14:30
ტექნოლოგიური სექტორის პოპულარიზაციისთვის რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, - მიიჩნევს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ასოციაციის გაფართოების შემდეგ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან საგანმანათლებლო და ტრენინგ-კომპანიებიც, რაც ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუწყობს ხელს.
„ეს მიმართულება გასაზრდელია, რადგან ძირითადი აქცენტი და ფოკუსი მაინც დიდ ქალაქებზე - თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე მოდის, თუმცა ცნობიერება რეგიონებშიც ასამაღლებელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გაფართოების შედეგად შემოგვიერთდებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც ახალგაზრდებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიებშიც ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, მათთან ყოველდღიური შეხება მაინც არ გვქონია. თუმცა, ის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ტრენინგპროვაიდერები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობენ, ახალგაზრდებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათთან ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევძლებთ ამ სექტორის პოპულარიზაციას. აქამდე ჩვენი ICT ასოციაცია უნივერსიტეტებსა და ტრენინგპროვაიდერებთან, როგორც გარე პარტნიორი, ისე თანამშრომლობდა და ამ არასაწევრო, პარტნიორული ურთიერთობით საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. დღეს კი, როდესაც ეს კომპანიები უკვე ასოციაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან, ისინი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებენ: ექნებათ წვდომა უფრო მეტ ახალგაზრდაზე, დაგეგმავენ მეტ ღონისძიებას და მათ კიდევ უფრო მეტ ტრენინგსა თუ პროგრამას შესთავაზებენ“, - ამბობს სულაბერიძე,
მისივე თქმით, საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესება საქართველოში მზარდია და ამ მიმართულებით უკვე დაახლოებით 12 000 ადამიანი სწავლობს. მისი თქმით, ახალგაზრდებს სექტორი მაღალი ანაზღაურების, ხარისხიანი სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობების გამო იზიდავს.
„ეს მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, ზოგადად ამ სფეროში 12 000-მდე ადამიანი სწავლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ეს ციფრები მზარდია და ამას თავისი ახსნა აქვს. პირველი ის, რომ ადრე ამ მიმართულებაზე თუ ამბობდნენ, მომავლის პროფესიააო, ის უკვე აწმყო და დღევანდელობაა, რაც ახალგაზრდებს ძალიან იზიდავს. მათთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ სექტორში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამასთანავე, მიზიდულობას განაპირობებს არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ მაღალკვალიფიციური და კარგი ხარისხის სამუშაო ადგილები. კარგ ხარისხში ვგულისხმობ იმას, რომ ამ კომპანიებში ისეთი გარემოა, სადაც თანამშრომლები თავს რომელიმე „ბოროტი კორპორაციის“ მსხვერპლად არ გრძნობენ. პირიქით, კომპანია მათზე ზრუნავს და ყველანაირად უწყობს ხელს, რათა ნაყოფიერად, ეფექტიანად იმუშაონ და, რაც ყველაზე მთავარია, განვითარდნენ. ამ ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რათა იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ გლობალური დონის კომპანიებთან“, - აცხადებს სულაბერიძე.
მისი თქმით. დღეს უკვე არაერთი საერთაშორისო კომპანია ტექნოლოგიურ პროექტებს სწორედ საქართველოდან მართავს, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.