ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია
2025 წელს, საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, 2024 წელთან შედარებით, 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთში გაიყიდა, სადაც 6,8 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული. მეორე ადგილზე გერმანია - 1,3 მლნ ლიტრი, შემდეგ ლატვია - 1,2 მლნ ლიტრი, ლიეტუვა - 703,5 ათასი ლიტრი, დიდი ბრიტანეთი - 327,7 ათასი ლიტრი, ესტონეთი 271 ათასი ლიტრი და ა.შ.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია: 2025 წელს ექსპორტირებული იყო 133 ათასამდე ლიტრი; ზრდამ, 2024 წელთან შედარებით, 63% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. ევროპის ქვეყნებიდან ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე პრიორიტეტულია სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენებში.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
16.10.2026.17:51
თიბისი კაპიტალი Euromoney-ს 2026 წლის Markets Awards-ის გამარჯვებულია. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ კომპანია აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესოდ (Georgia’s Best Equities House) აღიარა.
თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.
თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.
თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.
ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.
“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.