GCCA-იმ 2024 წელს 2 საქმის მოკვლევა, 2 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 18 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2024 წელს, 2 მოკვლევა დაასრულა. ერთი საკითხი - სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდებას ეხებოდა, მეორე მოკვლევა - საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის საქმეს.
პირველ შემთხვევაში - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა, რაც სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობაში გამოიხატებოდა, თუმცა ორი რეკომენდაცია გაიცა.
მეორე შემთხვევაში - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა და დამრღვევს ჯარიმა დაეკისრა.
მოკვლევის მიმართულებით, მიმდინარეა 4 საქმე - რუსთავის ავტობაზრობის, ფარმაცევტული ბაზრის, ბათუმში თევზით ვაჭრობის და ელექტრონული კომერციის ბაზრის მოკვლევა.
2024 წელს, დაუშვებლობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული 11 საჩივარზე. მოკვლევის მიმართულებით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ, 2024 წელს, ჯამში 43, 635.08 ლარი შეადგინა. დასრულებული მოკვლევის შედეგად 14 635.08 ლარი, ხოლო შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით - 29 000 ლარი.
2024 წელს, უწყების მიერ ასევე გამოქვეყნდა ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი „სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ex-post მონიტორინგი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების შეფასება, მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. მოკვლევა ეხებოდა - მარნეულის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობების გამოყენებას. ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით, დადგინდა, რომ GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი უწყებების მიერ - სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც აღნიშნული სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.
2024 წელს, GCCA-ში კონცენტრაციების თაობაზე 22 შეტყობინების შესწავლის პროცესი დაიწყო. თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო 4 წარმოება მიმდინარე რეჟიმშია. ამავე პერიოდში გადამოწმებული იქნა 47 644 კონცენტრაციის ტრანზაქცია. აღნიშნული მიმართულებით დარღვევა დაადასტურა 13 საქმეზე, ხოლო 1 შემთხვევაზე წარმოება კვლავ მიმდინარეობს. შესაბამის პირებს GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების საქმეებზე 2024 წელს ჯამურად 263,985.09 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
2024 წელს, დასრულდა 2 - თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ორივე შემთხვევაში GCCA-ის შეფასებით ბაზარი კონკურენტულად იქნა შეფასებული. მონიტორინგის მიმართულებით, მიმდინარე დაკვირვების ქვეშ რჩება - საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის (FMCG), საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრის მონიტორინგები.
სხვა სიახლეები
„მეღვინეობა ჯობავამ“ ასორტიმენტი გააფართოვა
10.07.2026.18:00
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც მომხმარებელს ცოტა ხნის წინ ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თაკო ჯობავამ, განუცხადა.
ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინეთ. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და რით გამოირჩევა ის მეღვინეობა ჯობავას არსებული პორტფელისგან?
ახალი კოლექციის შექმნისას ორი მთავარი მიზანი გვქონდა. ერთის მხრივ, გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი, არომატული და ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებით შეეფერება გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონს. სწორედ ამიტომ კოლექციას დაემატა ნახევრად მშრალი ქისი და როზე - ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილოვანი არომატებით, სიახლითა და სასიამოვნო ბალანსით.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ჩვენი დაცული ადგილწარმოშობის (PDO) ღვინოების პორტფოლიოს გაფართოება. მიგვაჩნია, რომ ადგილწარმოშობის ღვინოები საუკეთესოდ წარმოაჩენს კონკრეტული მიკროზონების უნიკალურ ხასიათსა და საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ახალ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მანავი მწვანესა და წინანდალს, რომლებსაც უახლოეს მომავალაში წარვუდგენთ მომხმარებელს.
კოლექციას ასევე დაემატა მშრალი საფერავი როზე, რომელმაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი ასორტიმენტი. შედეგად, მომხმარებელს შევთავაზეთ ღვინოების უფრო ფართო არჩევანი სხვადასხვა გემოვნებისა და სხვადასხვა შემთხვევისთვის, ხარისხის იმავე სტანდარტის შენარჩუნებით, რომელიც მეღვინეობა ჯობავასთვის დამახასიათებელია.
რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი კოლექციის ღვინოები და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?
ახალი კოლექციის ფორმირებისას ვიხელმძღვანელეთ როგორც ბაზრის მოთხოვნებით, ისე ჩვენი ბრენდის განვითარების სტრატეგიით. გვინდოდა, ერთის მხრივ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო, მსუბუქი და არომატული ღვინოები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა საქართველოს უნიკალური ვაზის ჯიშები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.
კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც ფართო მომხმარებლისთვის მიმზიდველია, ასევე PDO ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღვინის წარმოშობას, ტერუარსა და ავთენტურობას აფასებს.

ეს ხაზი გათვლილია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ქართულ ადგილობრივ ჯიშებსა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებზე წლიდან წლამდე იზრდება.
როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რა ტენდენციებს აკვირდებით მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ხარისხიან ღვინოს, არამედ მის ისტორიას, წარმოშობასა და უნიკალურობას. სწორედ ამ მიმართულებით ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.
ადგილობრივ ბაზარზეც აშკარად ჩანს, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება სხვადასხვა ღვინის სტილით, ადგილობრივი ვაზის ჯიშებითა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებით. ამავდროულად, იზრდება მოთხოვნა მსუბუქ, არომატულ და როზე ღვინოებზე, რაც მსოფლიო ტენდენციებსაც სრულად შეესაბამება.
ვფიქრობ, ეს ქართული მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის ღვინოები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ღვინის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.
მომავალში, რა მიმართულებებზე იქნება „მეღვინეობა ჯობავას“ მთავარი ფოკუსი? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას, ინვესტიციებს, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას ან პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. ჩვენი მიზანია, „მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე და ქართული ღვინო ახალ მომხმარებლამდე მივიტანოთ.
ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის ათვისებაზე. პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას ხარისხის გაუმჯობესებაში, საწარმოო პროცესების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებაში, რათა სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „მეღვინეობა ჯობავა“ ასოცირდებოდეს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან, ინოვაციებთან და იმ ღირებულებებთან, რომლებიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს.
ინფორმაციისთვის, „მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.