ჰორეკა სექტორი დიდ როლს თამაშობს ტურიზმის ნაწილში - ნატა კვაჭანტირაძე
ტურისტს აუცილებლად სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას გააკეთა. ნატა კვაჭანტირაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა განვითარდეს და ვითარდება კიდეც რეგიონებშიც და არ მოხდეს მხოლოდ დედაქალაქზე ფოკუსირება.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, პირდაპირ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა სჭირდება ტურისტს. და ტურისტს აუცილებლად სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ზოგადად ჰორეკა სექტორის მიმართულებით. ჰორეკა სექტორი დიდ როლს თამაშობს ტურიზმის ნაწილში. როდესაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებს, ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი თუ ასე შემდეგ, ძალიან აქტიურად არიან ასევე ღვინის მიმართულებით მარნები და საოჯახო ბიზნესები ჩნდება ჩვენს რეალობაში. ასევე მნიშვნელოვანია მაღალი კატეგორიის ინფრასტრუქტურა - სასტუმრო, რომელიც პირდაპირ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ტურიზმი უფრო მაღალ სეგმენტზე გავიდეს ტურისტული კომპანია და თავისთავად როცა მათი მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე ამხელა დანახარჯები კეთდება, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, პრეზენტაციების გამართვას ამა თუ იმ ქვეყანაში, თავისთავად უნდა არსებობდეს შესაძლებლობა შეთავაზების ჭრილში, როგორც დაბალი კატეგორიის, ისე მაღალი და უმაღლესი კატეგორიის - ლაქშერი - მიმართულებით. რაც დამატებით სტიმულს აძლევს ბიზნესს ტურისტების მოზიდვის ნაწილში, უფრო ძლიერი პარტნიორების გაჩენის ნაწილში, და ძალიან მისასალმებელია, როცა ასეთი ობიექტები ჩნდება რეგიონებში. ნებისმიერ რეგიონს სჭირდება სტიმული, წახალისება. არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისზე ფოკუსირება.
ჩვენს ასოციაციაში სასტუმროების მართვის ბევრი კომპანიაა გაწევრიანებული. ისინი ფოკუსს აკეთებენ რეგიონებზე, დაბალანსება ხდება მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების. ამის ძალიან კარგი მაგალითები არსებობს და ძალიან მისასალმებელია, როცა ინვესტორი ცდილობს რეგიონის გამოცოცხლებას ტურისტული კუთხით“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
სხვა სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
18.07.2026.09:45
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.
წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.
ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.
„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.
Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.