კოსმო - ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას - სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის ონლაინ გაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთ გამორჩეული, ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია.
როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი ამბობს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — ყოფილიყო უშუალო და მეგობრული, მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების სურვილმა შედეგი გამოიღო და კოსმო ონლაინ სივრცეში მალევე ძალიან პოპულარული გახდა.
„დღეს ბრენდი 80 ადამიანისგან შემდგარ კოსმიურ გუნდს, 9 ფილიალს და უამრავ „კოსმოელ მომხმარებელს“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ბრენდის წარმატების მთავარი ძალა კოსმოელები არიან — ადამიანები კოსმოს შიგნით და გარეთ”, ამბობს სოფიკო მუხულიშვილი.
2018 წლიდან „კოსმომ“ ახალი ეტაპი დაიწყო აქსესუარებთან ერთად, წარმოადგინა ტყავისა და ხის კომბინაციით დამზადებული ჩანთების კოლექცია, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებს აცოცხლებდა. 2019 წელს კი ამ კოლექციიდან მოდელები ვუდლი და თანი ჰონგ-კონგში გამართულ APLF-ის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. 2022 წელს „კოსმომ“ ჩოხის მოტივებზე შექმნილი ჩანთა - „ჩოხჩა“ წარადგინა დუბაიში გამართულ კონკურსზე და გაიმარჯვა ხალხის რჩეულის ნომინაციაში.
კოსმო ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ხალხის როლს, ვინც ქმნის ქართულ იდენტობას. ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია - „ქალები ბაზრიდან“ სწორედ ამას ასახავს. ბრენდმა ბაზარში დასაქმებულ ქალებს ერთი განსაკუთრებული დღე მიუძღვნა: გადაიღო მათი ფოტოპორტრეტები, მოუსმინა მათ ისტორიებს, შექმნა ჟურნალი და ასახა მათი ყოველდღიურობა. ამ კამპანიამ Ad Black Sea-ზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს მედალი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში.
ბრენდის უახლესი ინიციატივაა „ღია სახელოსნო“ - სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ხდება კოსმოს ნაწილის შემქმნელი. აქ შეგიძლია კოსმოს ოსტატებთან ერთად შექმნა საკუთარი ჩანთა, აირჩიო ფერები, დიზაინი, წარწერა და დატოვო მასში შენი ემოცია.
„თითოეული ამ ინიციატივისა და იდეის ერთგული მხარდამჭერი თიბისია. თიბისისთან მეგობრობა ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან იწყება. ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის შესაძენად ფინანსების მობილიზება გვჭირდებოდა, სწორედ თიბისის მხარდაჭერა გახდა გადამწყვეტი.ამ პარტნიორობის წყალობით შევძელით, რომ „კოსმოში“ შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა. უკვე ორი წელია, დანიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და დიდ პარტიებად ვაწვდით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ნიშნით „Made in Georgia “.
„კოსმო“ ამტკიცებს, რომ შენს ჩანთას შეუძლია ილაპარაკოს, თქვას რაღაც მნიშვნელოვანი შენზე, შენს ისტორიაზე, შენს ხასიათზე. ეს არის “კოსმო” - ადამიანური, ფერადი და კოსმიური.
სხვა სიახლეები
„მეღვინეობა ჯობავამ“ ასორტიმენტი გააფართოვა
10.07.2026.18:00
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც მომხმარებელს ცოტა ხნის წინ ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თაკო ჯობავამ, განუცხადა.
ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინეთ. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და რით გამოირჩევა ის მეღვინეობა ჯობავას არსებული პორტფელისგან?
ახალი კოლექციის შექმნისას ორი მთავარი მიზანი გვქონდა. ერთის მხრივ, გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი, არომატული და ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებით შეეფერება გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონს. სწორედ ამიტომ კოლექციას დაემატა ნახევრად მშრალი ქისი და როზე - ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილოვანი არომატებით, სიახლითა და სასიამოვნო ბალანსით.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ჩვენი დაცული ადგილწარმოშობის (PDO) ღვინოების პორტფოლიოს გაფართოება. მიგვაჩნია, რომ ადგილწარმოშობის ღვინოები საუკეთესოდ წარმოაჩენს კონკრეტული მიკროზონების უნიკალურ ხასიათსა და საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ახალ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მანავი მწვანესა და წინანდალს, რომლებსაც უახლოეს მომავალაში წარვუდგენთ მომხმარებელს.
კოლექციას ასევე დაემატა მშრალი საფერავი როზე, რომელმაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი ასორტიმენტი. შედეგად, მომხმარებელს შევთავაზეთ ღვინოების უფრო ფართო არჩევანი სხვადასხვა გემოვნებისა და სხვადასხვა შემთხვევისთვის, ხარისხის იმავე სტანდარტის შენარჩუნებით, რომელიც მეღვინეობა ჯობავასთვის დამახასიათებელია.
რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი კოლექციის ღვინოები და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?
ახალი კოლექციის ფორმირებისას ვიხელმძღვანელეთ როგორც ბაზრის მოთხოვნებით, ისე ჩვენი ბრენდის განვითარების სტრატეგიით. გვინდოდა, ერთის მხრივ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო, მსუბუქი და არომატული ღვინოები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა საქართველოს უნიკალური ვაზის ჯიშები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.
კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც ფართო მომხმარებლისთვის მიმზიდველია, ასევე PDO ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღვინის წარმოშობას, ტერუარსა და ავთენტურობას აფასებს.

ეს ხაზი გათვლილია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ქართულ ადგილობრივ ჯიშებსა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებზე წლიდან წლამდე იზრდება.
როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რა ტენდენციებს აკვირდებით მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ხარისხიან ღვინოს, არამედ მის ისტორიას, წარმოშობასა და უნიკალურობას. სწორედ ამ მიმართულებით ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.
ადგილობრივ ბაზარზეც აშკარად ჩანს, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება სხვადასხვა ღვინის სტილით, ადგილობრივი ვაზის ჯიშებითა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებით. ამავდროულად, იზრდება მოთხოვნა მსუბუქ, არომატულ და როზე ღვინოებზე, რაც მსოფლიო ტენდენციებსაც სრულად შეესაბამება.
ვფიქრობ, ეს ქართული მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის ღვინოები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ღვინის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.
მომავალში, რა მიმართულებებზე იქნება „მეღვინეობა ჯობავას“ მთავარი ფოკუსი? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას, ინვესტიციებს, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას ან პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. ჩვენი მიზანია, „მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე და ქართული ღვინო ახალ მომხმარებლამდე მივიტანოთ.
ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის ათვისებაზე. პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას ხარისხის გაუმჯობესებაში, საწარმოო პროცესების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებაში, რათა სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „მეღვინეობა ჯობავა“ ასოცირდებოდეს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან, ინოვაციებთან და იმ ღირებულებებთან, რომლებიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს.
ინფორმაციისთვის, „მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.