ჩვენი მიზანია ბელგიური შოკოლადის კულტურის გაზიარება - Leonidas საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა
ბელგიური შოკოლადის ლეგენდარული ბრენდი Leonidas საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა.
ქართულ მხარესა და Leonidas-ის მფლობელებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ საქართველო Leonidas-ის გლობალურ რუკაზეც მოინიშნა. ამიერიდან ქართველი მომხმარებელიც შეძლებს მიიღოს ის გამოცდილება, რომელსაც იღებენ Leonidas-ის მომხმარებლები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
Leonidas Georgia მიზნად ისახავს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის შოკოლადის გაცნობას, არამედ ბელგიური ტკბილეულის კულტურის დანერგვას. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია Leonidas Georgia-ს გენერალურ მენეჯერს მარიამ ჩაჩავას დაუკავშირდა.
- რამდენი ხანია რაც Leonidas ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და რამდენად რთული იყო ბელგიურ კომპანიასთან მოლაპარაკებები?
- Leonidas საქართველოში სულ ახლახან, 2025 წელის 1-ელ ოქტომბერს შემოვიდა. Leonidas-თან მოლაპარაკებები ნამდვილად იყო მრავალსაფეხურიანი და სირთულეებით სავსე პროცესი, რადგან ბელგიური მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის შერჩევას, ხარისხის სტანდარტებისა და ბრენდის ფილოსოფიისა და ღირებულებების დაცვას. კომპანიასთან მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა იმისთვის, რომ ბრენდი დარწმუნებულიყო ჩვენი, როგორც პარტნიორის სანდოობაში იმ კუთხით, რომ შევძლებდით საქართველოში 100%-ით გადმოგვეტანა ის სერვისი და მომსახურება, რომელსაც მომხმარებლები Leonidas-ის სხვა მაღაზიებში იღებენ მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, Leonidas-ის ყველა მომხმარებელმა მიიღოს ერთი და იგივე გამოცდილება მსოფლიოს ყველა წერტილში. რაც ძალიან გვახარებს არის ის, რომ წარმატებით ვახერხებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ვფიქრობთ, ნამდვილად სასიხარულო სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის, რომ თბილისიც შეუერთდა Leonidas-ის დიდ, საერთაშორისო ოჯახს, რომელიც 1913 წლიდან ქმნის ბელგიური შოკოლადის ისტორიას და დღეს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 1300-მდე მაღაზიით.
- რამდენად კარგად იცნობს ქართველი მომხმარებელი ბელგიურ შოკოლადს და საინტერესოა ქვეყანაში Leonidas-ის პროდუქტის პოპულარიზაციისათვის რას აკეთებს Leonidas Georgia?
- ბელგიური შოკოლადი ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა პრემიუმ ხარისხის უგემრიელეს შოკოლადთან, თუმცა Leonidas-ის პირდაპირი წარმოდგენა საქართველოში სრულიად ახალი გამოცდილებაა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გემოების გაცნობა, არამედ ბელგიური ტკბილეულის კულტურის გაზიარება.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზე, ვაორგანიზებთ დეგუსტაციებს, ვმონაწილეობთ კორპორატიულ ღონისძიებებში, ვთანამშრომლობთ ბიზნესებთან, რომლებიც ეძებენ დახვეწილ საჩუქრებს თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და მედიის საშუალებით ვუზიარებთ მომხმარებლებს Leonidas-ის ისტორიას, ფილოსოფიასა და იმ ფასეულობებს, რაც ამ ბრენდს უნიკალურს ხდის.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ მომხმარებლებში, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ ბრენდს და ხშირად შეუძენიათ Leonidas-ის შოკოლადი ბელგიასა თუ ევროპის სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებულ სიხარულს იწვევს Leonidas-ის მაღაზიის დანახვა თბილისის ქუჩებში.
- რა განასხვავებს Leonidas-ის შოკოლადს სხვა პრემიუმ ბრენდებისგან? რატომ Leonidas?
- ჩვენი მთავარი მისიააა შევქმნათ ბედნიერების მომენტი ყველასთვის. Leonidas-ის მთავარი უპირატესობა მისი 100%-ით ბელგიური წარმომავლობაა. ყველა პროდუქტი მზადდება მხოლოდ ბელგიაში, ტრადიციული ბელგიური მეთოდებით და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, მხოლოდ 100% სუფთა კაკაოს კარაქით, პალმის ზეთის გარეშე.
ჩვენი შოკოლადი არ იყინება და მზადდება ყოველთვის ახალი ინგრედიენტებით, კაკაო განადან და კოტ-დ'ივუარი მოდის, ნუში ესპანეთიდან და ასე შემდეგ.
ამასთან, 2013 წლიდან Leonidas ბელგიის სამეფო სასახლის ოფიციალური მომწოდებელია რაც ხარისხისა და ნდობის უმაღლესი დადასტურებაა.
Leonidas ასევე დიდ მნიშვნელობას აქცევს კაკაოს მდგრად გამოყენებას და შოკოლადის მდგრად წარმოებას. კომპანია ასევე გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა რომ Leonidas ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ძალიან დახვეწილი გემოებით, ჩვენი შოკოლადი ასევე გამოირჩევა უნიკალური, დახვეწილი და ელეგანტური სასაჩუქრე შეფუთვებით, რაც ჩვენს შოკოლადს არჩევს მართლაც დაუვიწყარ საჩუქრად ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
- Leonidas-ის პროდუქციას ყიდით მხოლოდ ონლაინ თქვენი საიტიდან თუ შესული ხართ რომელიმე ქსელურ მარკეტში, ან სპეციალიზებულ მაღაზიაში?
- ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ბუტიკური ფორმატით, მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ოფიციალურ მაღაზიას ზაარბრიუკენის მოედანთან, დავით აღმაშენებლის გამზირის #12-ში, სადაც სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. გარდა ამისა გვაქვს ონლაინ შეკვეთასა და მიწოდების სერვისიც. ჩვენი მიზანია არ დავკარგოთ ბრენდის პრემიუმ ხასიათი და შევინარჩუნოთ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია.
გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესთან, სასტუმროებთან, საჩუქრების მაღაზიებთან და კომპანიებთან, რომლებსაც სურთ თავიანთ კლიენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის ბელგიური შოკოლადი.
- რა სიახლეებს უნდა ელოდოს ქართველი მომხმარებელი ბრენდისგან?
- უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ სეზონურ კოლექციებსა და პერსონალიზებულ საჩუქრებს, სპეციალური შეფუთვებითა და ინდივიდუალური ბარათებით.
ასევე, ჩვენი მიზანია კომპანიებს შევთავაზოთ კორპორატიული გადაწყვეტილებები, მათ საჭიროებებზე მორგებული საჩუქრების დიზაინი და შოკოლადის ასორტიმენტი, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის თანამშრომლებზე და ბიზნეს პარტნიორებზე.
გარდა ამისა, იგეგმება თემატური დეგუსტაციები და ღონისძიებები, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ჩვენი სხვადასხვა კოლექცია.
ასევე, აუცილებლად იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით.
- Leonidas-ის ასორტიმენტიდან რომელია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე?
- ყველაზე მოთხოვნადია ბალოტინის კოლექცია, დახვეწილი შეფუთვის მქონე ყუთები, რომლებიც შევსებულია ჩვენი კლასიკური პრალინესა და ტრიუფელების კომბინაციით.
350 გრამიანი ბალოტინი განსაკუთრებით პოპულარულია კორპორატიულ საჩუქრებად, ხოლო 750 გრამისა და 1 კილოგრამის ფორმატები განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ამასთან, მომხმარებლები ხშირად ირჩევენ ჩვენს ასორტიმენტს მცირე, მაგრამ ელეგანტური საჩუქრებისთვისაც , სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ Leonidas ქმნის ბედნიერების მომენტებს ყველასთვის.
- როგორ აფასებთ საქართველოს ბაზარს პრემიუმ შოკოლადის სეგმენტში?
საქართველო ნამდვილად მზარდი ბაზარია პრემიუმ სეგმენტისთვის. მომხმარებლები უფრო და უფრო მეტად აფასებენ ხარისხს, ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ევროპულ სტანდარტებს.
ამასთან, ბიზნეს სექტორიც ვითარდება, კომპანიები ეძებენ დახვეწილ გზებს თანამშრომლებისა და პარტნიორების დასაფასებლად. სწორედ აქ ვხედავთ დიდ პოტენციალს Leonidas-ის კორპორატიული ხაზისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ბელგიური ტრადიციისა და ადგილობრივი ხედვის შერწყმით Leonidas Georgia შეძლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებას, არამედ თანამშრომლობის ახალ კულტურას შექმნას ქართულ ბიზნეს გარემოში
სხვა სიახლეები
ICT მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.14:30
ტექნოლოგიური სექტორის პოპულარიზაციისთვის რეგიონებში ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, - მიიჩნევს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ასოციაციის გაფართოების შემდეგ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან საგანმანათლებლო და ტრენინგ-კომპანიებიც, რაც ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაციას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუწყობს ხელს.
„ეს მიმართულება გასაზრდელია, რადგან ძირითადი აქცენტი და ფოკუსი მაინც დიდ ქალაქებზე - თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე მოდის, თუმცა ცნობიერება რეგიონებშიც ასამაღლებელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გაფართოების შედეგად შემოგვიერთდებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც ახალგაზრდებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიებშიც ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, მათთან ყოველდღიური შეხება მაინც არ გვქონია. თუმცა, ის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ტრენინგპროვაიდერები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობენ, ახალგაზრდებთან ყოველდღიურად ურთიერთობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათთან ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევძლებთ ამ სექტორის პოპულარიზაციას. აქამდე ჩვენი ICT ასოციაცია უნივერსიტეტებსა და ტრენინგპროვაიდერებთან, როგორც გარე პარტნიორი, ისე თანამშრომლობდა და ამ არასაწევრო, პარტნიორული ურთიერთობით საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. დღეს კი, როდესაც ეს კომპანიები უკვე ასოციაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნებიან, ისინი ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებენ: ექნებათ წვდომა უფრო მეტ ახალგაზრდაზე, დაგეგმავენ მეტ ღონისძიებას და მათ კიდევ უფრო მეტ ტრენინგსა თუ პროგრამას შესთავაზებენ“, - ამბობს სულაბერიძე,
მისივე თქმით, საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესება საქართველოში მზარდია და ამ მიმართულებით უკვე დაახლოებით 12 000 ადამიანი სწავლობს. მისი თქმით, ახალგაზრდებს სექტორი მაღალი ანაზღაურების, ხარისხიანი სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობების გამო იზიდავს.
„ეს მიმართულება საკმაოდ მზარდია და ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, ზოგადად ამ სფეროში 12 000-მდე ადამიანი სწავლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ეს ციფრები მზარდია და ამას თავისი ახსნა აქვს. პირველი ის, რომ ადრე ამ მიმართულებაზე თუ ამბობდნენ, მომავლის პროფესიააო, ის უკვე აწმყო და დღევანდელობაა, რაც ახალგაზრდებს ძალიან იზიდავს. მათთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ სექტორში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. ამასთანავე, მიზიდულობას განაპირობებს არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ მაღალკვალიფიციური და კარგი ხარისხის სამუშაო ადგილები. კარგ ხარისხში ვგულისხმობ იმას, რომ ამ კომპანიებში ისეთი გარემოა, სადაც თანამშრომლები თავს რომელიმე „ბოროტი კორპორაციის“ მსხვერპლად არ გრძნობენ. პირიქით, კომპანია მათზე ზრუნავს და ყველანაირად უწყობს ხელს, რათა ნაყოფიერად, ეფექტიანად იმუშაონ და, რაც ყველაზე მთავარია, განვითარდნენ. ამ ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რათა იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ გლობალური დონის კომპანიებთან“, - აცხადებს სულაბერიძე.
მისი თქმით. დღეს უკვე არაერთი საერთაშორისო კომპანია ტექნოლოგიურ პროექტებს სწორედ საქართველოდან მართავს, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.