ORBI Continental გამორჩეული, მასშტაბური პროექტია ბევრი პარამეტრით - მათ შორის 300 მლნ დოლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში ახალი სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა „ორბი ჯგუფს" ახალი პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ORBI Continental-ის სახით ბათუმს მნიშვნელოვანი, მასშტაბური კომპლექსი შეემატება, რომელიც გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.
„ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული, საინტერესო პარამეტრების და არქიტექტურული დიზაინის მქონე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის - პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ დოლარია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 1,500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ოპერირებაში ჩაშვებისთანავე 2,000 პირდაპირი თუ არაპირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი გამორჩეულად მზარდია საერთაშორისო მასშტაბით. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა კომპლექსურად მიმდინარეობდეს, სხვადასხვა სექტორებს შორის მტკიცე ურთიერთკავშირით და აისახოს როგორც მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე, ისე თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქის პირდაპირ შემოსავლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს მსხვილი წილი უჭირავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობით, სტაბილურობით და მნიშვნელოვანი, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს შექმნით აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანა - სწორი აქცენტების დასმით, მართებული ეკონომიკური პოლიტიკით სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველვყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. მეორე მხრივ, დეველოპმენტი ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერ-სახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად, ის ჩვენ ყველას - არსებული და მათ შორის მომავალი თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი საჯარო - კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ORBI Continental-ის მსგავსი პროექტები ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ ერთი წამყვანი სექტორის - ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით, რასაც გასული და მიმდინარე წლების უპრეცედენტოდ მაღალი სტატისტიკაც ადასტურებს.
„გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის - ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი ნახა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამასთან, ჩვენ შევძელით და მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან ბიუჯეტში უკვე 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მივიღეთ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დაფუძნებულია სწორ და თანმიმდევრულ, დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რაც ძალიან მჭიდრო და სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის", - განაცადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ღია სცენა "თაკარა“ და სუხიშვილების ახალი დადგმა “რეკონსტრუქცია”, როგორც არ გაჩერების მუდმივი მოძრაობა
12.08.2026.18:49
საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხემ კვლავ ერთ სივრცეში - „თაკარას“ ღია სცენაზე მოიყარა თავი. მეექვსე წელია რაც ამ ექსპერიმენტულ სცენაზე ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზით ერთიანდება ყველაფერი ის, რაც ქართულ ცეკვას საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა - ისტორია, ხასიათი, მოძრაობა და ემოცია.
საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შექმნილი „თაკარა“, „სუხიშვილების“ უწყვეტი მოძრაობის, განვითარებისა და შთაგონების სივრცეა. ადგილი, სადაც 80 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ხედვას ხვდება, ხოლო ტრადიცია ყოველ სეზონზე ახალ სიცოცხლეს იძენს.
„რეკონსტრუქცია“
„თაკარას“ თითოეული სეზონი განსხვავებული იდეითა და სახელწოდებით იქმნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „სუხიშვილები“ არასდროს ჩერდებიან, მუდმივად ავითარებენ საკუთარ ხელწერას და ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.
ცვლილებები მხოლოდ მუსიკას, კოსტიუმებსა და ქორეოგრაფიას არ ეხება. წელს მნიშვნელოვანი გარდასახვა თავად სივრცემაც განიცადა - განახლებული „თაკარა“ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და მაყურებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
როგორც ანსამბლის დირექტორი, გენერალური პროდიუსერი და კოსტიუმების მხატვარი, ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ პროცესებმა განსაზღვრა წლევანდელი პროგრამის სახელწოდებაც - „რეკონსტრუქცია“.
„თაკარას სცენა შთაგონების ადგილია. ამ სცენიდან მოდის იდეები. სახელწოდება „რეკონსტრუქცია“ თავად პროცესმა გვიკარნახა. „თაკარას“ ღია სცენამ დიდი ცვლილებები განიცადა. დაემატა ლოჟები, ტერასები, გაიზარდა ადგილების რაოდენობა და სივრცე ახლა კიდევ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. სწორედ ამ განახლების პარალელურად ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე და საბოლოოდ სახელიც ამ იდეას დავუკავშირეთ”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ნომერია „ორღობე“. უახლესი ცეკვა, რომელიც სოფლის დღესასწაულს, სიხალისესა და ერთიანობას აცოცხლებს.
“ორღობეს“ ცეკვა „თაკარას“ სივრცეში დაიბადა. თავდაპირველად, მისი რეკონსტრუქცია ორღობეში დაიწყო. ცეკვის არქიტექტურა ისე ჩამოყალიბდა, რომ მოცეკვავეები ორ რიგად, წყვილებად მოძრაობენ. იქმნება განცდა, თითქოს მაყურებლის წინაშე მართლაც სოფლის ორღობეში მიმდინარე ცეკვა-თამაშია. დღესასწაული, სიხალისე და სიმხიარულე,“ - გვიყვება ნინო სუხიშვილი.
და მაინც, მთავარი სცენა საქართველოა
ქართული ცეკვა ჯერ სცენის მიღმა იბადება - მთაში, ზღვის ნაპირზე, სოფლის ეზოებში, შრომაში, დღესასწაულსა და ყოველდღიურობაში. იქ, სადაც თითოეულ მოძრაობას თავისი ისტორია აქვს, ხოლო თითოეული რიტმი იმ ხალხის ხასიათს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს ასახავს, რომელმაც ის შექმნა.
სწორედ ეს მრავალფეროვნება ერთიანდება „თაკარას“ სცენაზეც, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოძრაობად იქცევა. აქ ცოცხლდება იდეა, რომელსაც საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი „საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება“ გადმოსცემს - სვანური სიმტკიცე, მთიულური სილაღე, აჭარული მოძრაობის ელეგანტურობა, ხორუმის ძალა და ერთიანობის განცდა, რომ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, თითოეული ცეკვა ერთ უწყვეტ მოძრაობას ქმნის.
კერძოდ, „ქარაფშაში“ თავისუფალი მოძრაობა და იმპროვიზაცია იგრძნობა, „ჯარა“ კი სვანური სიზუსტითა და დისციპლინით გამოირჩევა. მათგან განსხვავებული ენერგია მოაქვს აჭარულ „კინტრიშს“ - მსუბუქსა და სიცოცხლით სავსე ცეკვას. ექსპერიმენტული სივრცე „თაკარასთვის“ ორგანულია ქალის მრავალმხრივი ბუნება - სცენაზე ის ერთდროულად ასახავს სინაზესა და მგრძნობიარობას, თუმცა ამავდროულად ავლენს ხასიათის სიმტკიცეს, ძალასა და ურყევ მიზანდასახულობას.
„ბევრი კუთხის ცეკვა გვაქვს წარმოდგენილი: სვანური, მთიულური, ხორუმის უახლესი ვერსია, სადაც ქალები და კაცები ერთად ცეკვავენ. ამ ცეკვაში თითქოს სამიზნე საქართველო ხდება. ასევე წარმოდგენილია აჭარული ცეკვებიც. ზოგადად, არის კომპოზიციები, სადაც სხვადასხვა კუთხის ილეთები ერთიანდება და ამ ყველაფრით თითქოს საქართველოს ერთიანობას ვუსვამთ ხაზს. ცეკვების შერჩევა ხდება სხვადასხვანაირად. თაკარას სცენაზე არაერთი სახელწოდებით გვქონია პროგრამა გატანილი. კოსტიუმებიც შეიცვალა, ცეკვები გადაკეთდა. ჩემი პირადი აზრია, რომ „რეკონსტრუქცია“ იყო ყველაზე წარმატებული პროგრამა, რაც კი გამოგვიტანია.“ - ამბობს ნინო სუხიშვილი.
თითოეული კუთხე საკუთარ ამბავს ჰყვება, თუმცა საბოლოოდ ყველა მოძრაობა ერთ საერთო ისტორიამდე საქართველომდე მიდის.
ძველისა და ახლის სინთეზი
„თაკარას რეკონსტრუქციის“ მთავარი იდეა ძველისა და ახლის სინთეზშია, რომელიც უწყვეტ განვითარებას გამოხატავს. გზა, სადაც ტრადიცია მუდმივად მოძრაობს, ახალ იდეებს ხვდება და თანამედროვე ფორმით აგრძელებს არსებობას. თითოეული სეზონი ახლის ძიების, ექსპერიმენტისა და განვითარების გაგრძელებაა, რაც „სუხიშვილების“ ხელწერას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც ნაციონალური ბალეტის წევრად გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე.
ნინო სუხიშვილის თქმით, ყოველი ახალი იდეის უკან კონკრეტული ემოცია და სათქმელი დგას - ხშირად ისეთი გზავნილები, რომლებიც პირდაპირ არ ითქმის, თუმცა მოძრაობაში, მუსიკასა და სცენურ ენაში იკითხება.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, იმ მოვლენებს, რასაც ვგრძნობთ და რაც ჩვენს გულში ტრიალებს, რაღაც ფორმით შევეხოთ. შეიძლება პირდაპირ არ ვთქვათ, მაგრამ აუცილებლად ვცდილობთ, თითოეულ ნამუშევარში ჩვენი პატარა კოდი დავტოვოთ,“ - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
„თაკარას“ წლევანდელი სეზონი დასრულდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალი სეზონის გახსნას, ახალი დადგმებით.
“სუხიშვილები” – საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.
საქართველოს ბანკი – „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი.