Paragraph Resort & Spa Shekvetili აგვისტოში ვიზიტორთა ზრდას, ხოლო სექტემბრიდან კორპორატიული სეგმენტის გააქტიურებას ელოდება
სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონს მაღალი მაჩვენებლებით შეხვდა, აგვისტოში დამსვენებელთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ისა და Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორმა თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, აგვისტოში აჭარასა და გურიაში მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც საზღვაო დასვენების მსურველების გარდა რეგიონში კონკრეტულად ამ ღონისძიებებისთვის ჩასული სტუმრების რაოდენობასაც გაზრდის.
„აგვისტოს თვეზე ინდივიდუალური ჯავშნები ჭარბობს. ჯგუფური ჯავშნები რეალურად არ არის. დამსვენებლების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენს მაგალითზე, ქართველი მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე უცხოელი. თუმცა შენარჩუნდა მაღალი მოთხოვნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ივლისს, დინამიკა იგივე იყო, რაც გასული წლის ივლისში. აგვისტოზე კი გეტყვით, რომ თვის ბოლოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Sun უმასპინძლებს და ამ პერიოდისთვის მოველით, რომ სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე შეკვეთილში დაგეგმილია Gemo Fest და ამ დროს გურია ყურადღების ცენტრში მოექცევა. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში, საუბარია 20-დან 30 აგვისტომდე დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგანაც ასეთ ღონისძიებებს ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი ესწრება“, - განმარტავს თამუნა ჩხეიძე.
მისივე განმარტებით, სექტემბრის ჯავშნების მიხედვით, სახეზეა კორპორატიული სეგმენტის გააქტიურება და ამ მხრივ ყველაზე მეტად ყაზახური ჯგუფები აქტიურობენ. ირკვევა, რომ ამ პერიოდში სასტუმრო მასპინძლობს ინგლისის ახალგაზრდულ 21 წლამდე ნაკრებს.
აღსანიშნავია, რომ წელს Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებითაც შეხვდა. სასტუმროს მეშვიდე სართულზე გაიხსნა აზიური რესტორანი. ასევე შეემატა ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა.
„დაგვემატა ახალი სივრცე - “ჰორიზონტ პარაგრაფი”, ეს არის ლაუნჯ-ბარი სანაპიროზე. ჩვენ მსგავსი ტიპის სერვისი აქამდე არ გვქონდა“, - ამბობს თამუნა ჩხეიძე.
სხვა სიახლეები
საცხენოსნო ტურები, ინფრასტრუქტურული განახლება და გაფართოების გეგმები - რა სიახლეებს სთავაზობს Guest House Ardoti ვიზიტორებს
08.06.2026.14:00
ხევსურეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ოპერირებას ანახლებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.
„განვაახლეთ ოპერირება, დავამატეთ საცხენოსნო ტურები და შევიძინეთ რამდენიმე ცხენი. ამ ეტაპზე ოთახების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ეზოში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ - მოვაწყვეთ მცირე ტერასა. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებითი საძინებლის აშენებას. ამჟამად, 30 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს, ხოლო ახალი ოთახების დამატების შემდეგ 34 სტუმრის განთავსებას შევძლებთ“,- აცხადებს ლევან არდოტელი.

სასტუმროში ჯავშნების მხრივ ვითარება სტაბილურია.
„ჯავშნების კუთხით ვითარება სტაბილურია. კარგ სეზონს ველოდებით, დადებითი მოლოდინები გვაქვს.
ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია. ახალგაზრდების ნაკლებობის გამო სამუშაოებს თავად ვასრულებთ, ხოლო შიდა პროცესებში რამდენიმე დაქირავებული თანამშრომელი გვეხმარება.

საცხენოსნო ტურების მიმართულებას წელს დავაკვირდებით და თუ შედეგი დადებითი იქნება, მომავალ წელს უკვე დამატებითი თანამშრომლის ჩართვასაც განვიხილავთ.
გარდა ტურისტული მიმართულებისა, აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც - მივდევთ მესაქონლეობას, მოგვყავს ბოსტნეული და წელს მცირე სათბურის მოწყობასაც ვგეგმავთ. ამასთან, აქტიურად ვუვლით ფუტკრის 15 ოჯახს“,- აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.