როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი მთელი მსოფლიოს ინვესტიციისთვის - ილია წულაია
საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლის არაპირდაპირი ეფექტი 2-3-ჯერ უფრო მეტი იქნება - ჩვენ ვსაუბრობთ 15-20 მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას Eagle Hills-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის, $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება. კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს მსხვილ დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იერსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, Emaar ჯგუფი ახორციელებს 6.6 მილიარდ დოლარის ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ეფექტი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. როგორც ვიცით, ამ ინვესტიციას კომპანია განახორციელებს მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში - ანუ საკმაოდ სწრაფად, ამხელა მოცულობის პროექტისთვის. ბატონ ალაბარსაც, Emaar-ის პრეზიდენტს, ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ ამას დამატებითი, არაპირდაპირი ეფექტი მოჰყვება, რომელიც ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი იქნება და ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები.
საქართველოში Emaar-ის გამოჩენამ უკვე გამოიწვია ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ არაპირდაპირი ეფექტი ორჯერ-სამჯერ უფრო მეტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ 6.6 მილიარდიან ინვესტიციაზე, არამედ 15-20 მილიარდ დოლარზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მასშტაბთან შედარებით და არსებითი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის 1-2, შესაძლოა 3%-იანიც კი, გააჩნია აქტიურობას ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის,“ - აცხადებს ილია წულაია.
„არქის“ დამფუძნებლის განმარტებით, ბაზარზე ისეთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა, როგორიც არის Eagle Hills, ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი საინტერესოა.
„როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ბაზარი საინტერესოა, ქვეყანა საინტერესოა. გაიზრდება სტანდარტები, გაიზრდება მშენებლობის ხარისხი, გაიზრდება კონკურენცია რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგია მომხმარებლისთვის და ქვეყნისთვისაც. ბუნებრივია, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ჯგუფების, როგორიცაა Eagle Hills და Emaar ჯგუფი, შემოსვლა საქართველოში. ეს ნიშნავს საქართველოს მონიშვნას მსოფლიო რუკაზე, როგორც უძრავი ქონების, საინვესტიციო და საინტერესო მიმართულების ქვეყანას,“ - მიიჩნევს ილია წულაია.
ბიზნესმენის განმარტებით, ასეთ მრავალმილიარდიან ინვესტიციაზე ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად დაუსაბუთებელია.
„სამწუხაროდ, რაც არ უნდა პოზიტიური ამბავი იყოს და ამაზე უფრო პოზიტიური ახალი ამბავი, როგორც საქართველოს პატრიოტს და მოქალაქეს, არ მახსენდება - ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც ნეგატიურად მიუდგება. არ მახსენდება შემთხვევა, როცა უცხოელი ინვესტორი ამბობდა - მე 6.6 მილიარდ დოლარს ჩავდებ საქართველოში და შევქმნი უმაღლესი სტანდარტის უძრავ ქონებას. და ამაზე თუ ვინმეს შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს ეს მისი პრობლემაა.
ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ან სუბიექტურია, ან არაგულწრფელი, ან საკუთარ ქვეყანას არ აფასებს იმ დონეზე, რომ პოზიტიური ამბავი პოზიტიურად აღიქვას მიუხედავად იმისა, ვინ ამბობს მას. სამწუხაროდ, 100%-იანი პოზიტიური შეფასება არც ერთ მოვლენას არ აქვს ამ სამყაროში.
ჩემი აზრით, ეს ინვესტიცია უპრეცედენტოა და ეს მხოლოდ აზრი კი არა, ფაქტია. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია და ყველაზე ცნობილი კომპანიის შემოსვლა. ამიტომ ნებისმიერ გონივრულ, საქმის კურსში მყოფ და პატრიოტ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამაზე პოზიტიური დამოკიდებულება. ყველა სხვა, ვინც ნეგატიურად აფასებს და აბსურდულ არგუმენტებს იშველიებს, უბრალოდ სუბიექტურ და არაეროვნულ პოზიციას გამოხატავს,“ - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი.
ილია წულაიას განმარტებით, როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ქვეყანაში, ეს არის ძლიერი სიგნალი მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის.
„საქართველო საინტერესო მიმართულებაა - საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი და ინვესტიცია ამ სფეროში საინტერესოა. შესაბამისად, ეს ყველაფერი არაპირდაპირად რეკლამას გაუკეთებს საქართველოს. გარდა იმ ინვესტიციებისა, რასაც თვითონ Emaar ჯგუფი და Eagle Hills ახორციელებენ, კიდევ ორჯერ-სამჯერ მეტი ინვესტიცია მოჰყვება სწორედ იმ ფაქტორის დამსახურებით, რომ ასეთი სახელგანთქმული ბრენდი ახორციელებს ასეთ დიდ პროექტს ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს ბიზნესმენი.
შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. Eagle Hills-თან აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის მოზიდვა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობებზე შეთანხმება, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939