როგორ შეცვლის პლასტმასის გარკვეული პროდუქტების აკრძალვა Lunch Group-ის ბიზნეს მოდელს
2026 წლის 1-ელი იანვრდან პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება. რეგულაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მას ბიზნეს სექტორს ინტენსიურად აცნობს.
რეგულაცია ასევე შეეხება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით ახდენენ მზა სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებას.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Lunch Group-ის დირექტორმა, ნინო მელაძემ განუცხადა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბიზნესმა ითხოვა, რომ ახალი რეგულაცია ეტაპობრივად შევიდეს ძალაში. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია, გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს იმ იმპორტიორებისთვის, რომლებმაც პროდუქციის შეკვეთა უკვე გააკეთეს და ამას ოფიციალურად დაადასტურებენ, რათა ბიზნესს ფინანსური ზარალი არ მიადგეს.
მისივე განმარტებით, მსგავსი პროდუქტების იმპორტზე განაცხადის შეტანა და თანხის გადარიცხვა ხშირად 9 თვით ადრე ხორციელდება, რადგან პროდუქციის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან და მის საქართველოში ჩამოტანას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. იმპორტიორი პლასტმასის ქაღალდით ჩანაცვლების შემთხვევაში პროდუქციის გაძვირებაზეც აკეთებს განცხადებას.
„რეგულაცია პირდაპირ ეხება Lunch Group-ს, ამიტომ მოსაფიქრებელია და გადასაწყობია ყველაფერი. ჩვენი კომპანია აწარმოებს ერთჯერად ქაღალდებს და პარკებს და ახლა რა პროდუქტების აკრძალვაც იგეგმება ჩვენ იმპორტით შემოგვქონდა.
ამ ვითარებიდან გამოსავალია, რომ იგივე პროდუქტები ქაღალდის შემოვიტანოთ და პლასტმასი ქაღალდით ჩავანაცვლოთ. ამ დროისათვის არც შესაბამის მომწოდებლებზე გავსულვართ. აქამდე რა პროდუქციაც მოგვქონდა თურქეთიდან და ჩინეთიდან: თურქეთი გაცილებით კარგი ვარიანტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოკლე პერიოდში ხვდებოდა პროდუქცია საქართველოში. ჩინეთის შემთხვევაში კი პროდუქციის ტრანსპორტირებას 3-4 თვე სჭირდება. თუმცა ჩინეთიდან იმპორტი შედარებით იაფია. თუ მე ჩინეთიდან ერთ კონტეინერში 20 ათასი დოლარის პროდუქცია უნდა ჩავტვირთო, ქაღალდის შემთხვევაში მომიწევს 60 ათასი დოლარის პროდუქციის ჩადება. ეს კი დამატებით რესურსს მოითხოვს და შესაბამისად პროდუქტიც დაახლოებით 4-ჯერ გაძვირდება. თუ დღეს მე წლის ჭიქას (პლასტმასის) ვყიდი 1 თეთრად, ქაღალდის ჭიქა უკვე ეღირება 5 თეთრი.
სამინისტროში შეხვედრისას ბიზნესმა რეგულაციის ამოქმედების გადავადება ვითხოვეთ, რადგანაც პროდუქციის ჩამოტანას რამდენიმე თვე სჭირდება. ახლაც, მე შეკვეთილი მაქვს პროდუქცია, რომელიც 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ფიზიკურად ვერ შემოვა, ვერ მოსწრება. ამიტომ პირადად ვითხოვე გარკვეული გამონაკლისის დაშვება, რათა შევძლოთ შეკვეთის ჩამოტანა და ბაზარზე განთავსება .სამინისტროში ამაზე სიტყვიერი თანხმობა მივიღეთ. თუმცა ის პროდუქცია, რომელიც 1-ელი იანვრის მერე ჩამომივა ჰორეკა სექტორში ვერ გავყიდი - იკრძალება, ერთადერთი გზა მრჩება, რომ მაღაზიაში შევიტანო და მომხმარებელმა მერე თვითონ გადაწყვიტოს იყიდის თუ არა. ანუ რეალურად გასაღების ბაზარიც მეზღუდება. მაღაზიაში რეალიზაცია კი რეგულაციის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაშია შესაძლებელი.
იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა ვითხოვეთ, რომ ტურისტული სექტორი „გადაგვატანინოს“, რადგანაც ამ სეზონზე ეს პროდუქტები ძალიან მალე ამოიყიდება“, - აცხადებს ნინო მელაძე.
როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
კომპანია „ლანჩ გრუპი“ 2010 წლიდან საქართველოს ბაზარზე არის წამყვანი კომპანია, აწარმოებს სერთიფიცირებული და ხარისხიანი პროდუქციის იმპორტს. ორიენტირებულია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის შესყიდვაზე. აქტიურად მუშაობს ბიო-დეგრადირებადი პროდუქციის იმპორტზე.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, რაზეც მეტყველებს პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
საქართველოს ბაზარზე ჩვენი პარტნიორები არიან: კარფური, ტკბილი ქვეყანა, სანდომი, ფუდმარტი, იფქლი, ზღაპარი, ლიტვური საცხობი, ბარამბო, ნიკორა, ფრესკო, ბორჯომი, სასმელი წყალი სნო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.