საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა სამეწარმეო EXPO 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, 13-14 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეოთხედ გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 200 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან დევნილი ქალები უკრაინიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.
ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, თიბისის ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე მწვანე და საკვები სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ ექსპოში მონაწილე მეწარმე ქალები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს წამყვანი კომპანიების ტრენერებთან, ისარგებლებენ მენტორობის პროგრამით, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში 2026 წლის გაზაფხულზე. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებასა და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, ხოლო ღონისძიებას დაესწრო 4 000-მდე ვიზიტორი, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ბიზნესკავშირების გასაფართოებლად და პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ მეწარმე ქალი ან ქალის მიერ დაფუძნებული ბიზნესის მფლობელი.
შემოუერთდი ქალთა სამეწარმეო ექსპო 2025-ს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 25 აგვისტო
დარეგისტრირდი: http://unwo.men/X4Sc50Wv5eu
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე შემდეგ ბმულს: https://youtu.be/clKTmeNDMc0
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და კერძო სექტორთან - თიბისი ბანკთან, მიკრობანკ კრისტალთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან - პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118
სხვა სიახლეები
16.07.2026.18:28
Business Insider Georgia-მ სალეჰ ალშაიასთან, Starbucks-ის პრეზიდენტთან Alshaya Group-ში ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, სადაც მან ბრენდის საქართველოში შემოსვლაზე, მოლოდინებსა და სმომავლო პერპექტივებზე ისაუბრა.
რა სტრატეგიულმა ფაქტორებმა განაპირობა Starbucks-ის საქართველოს ბაზარზე სწორედ ამ ეტაპზე შესვლის გადაწყვეტილება და როგორ შეესაბამება ეს ინვესტიცია კომპანიის გრძელვადიან რეგიონულ განვითარების სტრატეგიაში?
საქართველო ევრაზიის რეგიონში ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. Alshaya Group-ში, Starbucks-ის ოპერირების ფარგლებში, ვეძებთ ისეთ ბაზრებს, რომლებიც აერთიანებს ეკონომიკური ზრდის ძლიერ დინამიკას, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და მომხმარებელთა მაღალ პოტენციალს, ხოლო საქართველო ამ სამივე კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Alshaya Group ყურადღებით აკვირდებოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის მისი მიმზიდველობის ზრდას. ამავდროულად, ვხედავდით Starbucks-ის ბრენდის მიმართ მაღალ ინტერესს და კაფე-კულტურას, რომელიც ბუნებრივად ერგება ჩვენს ბიზნესმოდელს.
ეს ინვესტიცია ასახავს Alshaya Group-ის ნდობას საქართველოს მომავლის მიმართ და ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას, ქვეყანაში გრძელვადიანი და მდგრადი საქმიანობა განვავითაროთ.
როგორ აფასებთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და რომელი ფაქტორები იყო გადამწყვეტი ქვეყანაში ოპერირების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას?
Alshaya Group-ის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზარია და თანმიმდევრულად მუშაობს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორმა იქონია, მათ შორის - ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ, მისმა სტრატეგიულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, მზარდმა სამომხმარებლო მოთხოვნამ და უცხოური ინვესტიციების მიმართ პოზიტიურმა დამოკიდებულებამ.
ამასთან, შეფასების პროცესში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საჯარო სექტორის წარმომადგენლების პროფესიონალიზმმა და თანამშრომლობის მაღალმა ხარისხმა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ დაგვარწმუნა, რომ საქართველო გრძელვადიანი ზრდისა და ინვესტიციებისთვის მყარ საფუძველს გვთავაზობდა.
თქვენი შეფასებით, რა ეკონომიკურ და კომერციულ შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან განვითარებას გეგმავენ?
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიაში და ის სხვადასხვა ბაზარსა და რეგიონს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს. საერთაშორისო ბრენდებისთვის საქართველო მიმზიდველ გარემოს ქმნის, რომელიც აერთიანებს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, ახალგაზრდა და აქტიურ მომხმარებელთა ბაზას, ასევე ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს.
გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს იმ საერთაშორისო ბრენდებისთვის, რომლებიც მზად არიან გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელონ, ადგილობრივ პარტნიორებთან მყარი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ და იმ საზოგადოებების განვითარებაში შეიტანონ პოზიტიური წვლილი, სადაც საქმიანობენ.
ჩვენი შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ დამოუკიდებლად მიმზიდველი ბაზარია, არამედ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს, როგორც ფართო რეგიონული ეკონომიკის ნაწილი.
რა გავლენას ელით Starbucks-ის საქართველოში შემოსვლისგან საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და სამომხმარებლო სექტორებზე, ასევე საინვესტიციო გარემოზე?
მიუხედავად იმისა, რომ Starbucks, პირველ რიგში, საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის ბრენდია, Alshaya Group მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში შემოსვლა რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენი ინვესტიცია ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების განვითარებას და აძლიერებს თანამშრომლობას ადგილობრივ მომწოდებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ხელს შევუწყობთ საქართველოს საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორების შემდგომ განვითარებას მომხმარებლის გამოცდილების, ხარისხისა და მომსახურების გლობალური სტანდარტების დანერგვით. უფრო ფართო ჭრილში, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბრენდების შემოსვლა ხელს შეუწყობს ბაზრის მიმართ ნდობის გაძლიერებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი მიმართულების მნიშვნელობას.
რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ ბიზნესებთან, მომწოდებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან პარტნიორობა Alshaya Group Starbucks-ის ოპერაციებისა და საქართველოში მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად?
ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება. ყველა ბაზარზე, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, გრძელვადიანი წარმატება ძლიერი ადგილობრივი პარტნიორობების საფუძველზე იქმნება. Alshaya Group მიიჩნევს, რომ მდგრადი ზრდა მიიღწევა ადგილობრივ ბიზნესებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივ ტალანტებში ინვესტირებით და იმ საზოგადოებების ნაწილად ქცევით, რომლებსაც ვემსახურებით. საქართველოში Starbucks-ის განვითარების პარალელურად, ველით ადგილობრივ მომწოდებლებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობების გაფართოებას. ეს პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპერაციული სრულყოფილების უზრუნველყოფაში და ამავდროულად, ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი ბიზნესი შექმნის ღირებულებას ჩვენი ობიექტების ფარგლებს მიღმაც.
როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საინვესტიციო პროცესის განმავლობაში და რა როლი ითამაშა ამ თანამშრომლობამ Starbucks-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობაში?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა მთელი პროცესის განმავლობაში იყო ძალიან კონსტრუქციული და პროფესიული. გლობალური ბრენდის ახალ ბაზარზე შემოსვლა მოითხოვს საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო კოორდინაციას. ჩვენ ვაფასებთ სამინისტროსა და პროექტში ჩართული სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას, ჩართულობასა და ერთგულებას. მათმა ძალისხმევამ შექმნა წარმატებული ბაზარზე შესვლისთვის აუცილებელი პირობები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მზაობა, მოიზიდოს მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტიციები. Alshaya Group მადლობას უხდის პარტნიორობისთვის და მომავალშიც იმედოვნებს თანამშრომლობის გაგრძელებას.
როგორ აფასებთ საქართველოს ბაზრის პოტენციალს და რა მოლოდინები გაქვთ ქვეყანაში Starbucks-ის სამომავლო ზრდასთან დაკავშირებით?
Alshaya Group Starbucks საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვან გრძელვადიან პოტენციალს ხედავს. გახსნის შემდეგ მომხმარებლებისგან მიღებული ძლიერი უკუკავშირი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ნდობას ბაზრის მიმართ და გვარწმუნებს, რომ ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. საქართველოში ჩვენ გრძელვადიანი ხედვით შემოვედით და პირველ გახსნას აღვიქვამთ ჩვენი განვითარების გზის დასაწყისად და არა საბოლოო მიზნად. ჩვენი ამბიციაა, განვახორციელოთ გააზრებული და პასუხისმგებლიანი გაფართოება, გავაგრძელოთ ინვესტირება ადგილობრივ ტალანტებში, შევქმნათ დამატებითი დასაქმების შესაძლებლობები და გავხდეთ საქართველოს საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის სანდო და მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და დიდი ინტერესით ველით იმ შესაძლებლობებს, რაც წინ გველის.