„შაინ ენერჯის“ დახმარებით „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრი ენერგოდამოუკიდებელი გახდება
მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯი“, რომელიც მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს, ქუთაისში, სუპერმარკეტების ქსელური კომპანია „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრისთვის მზის ელექტროსადგურს აშენებს.
როგორც Business Insider Georgia-ს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 320 კილოვატია. პროექტში გათვალისწინებულია ბრენდ „ასტროენერჯის “ 552 ერთეული 580 ვატიანი მზის მოდული, რომელსაც აქვს 15 წლიანი პანელის, ხოლო 30 წლიანი სიმძლავრის გარანტია.
„პროექტი მიმდინარეა. კომპანია „დეილი“ დაახლოებით 116 000 ლარამდე ელექტროენერგიის ხარჯს გაანულებს წლიურად “, - ამბობს ნინა გადელია.
სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ლოგისტიკური დირექტორი გოჩა შამუგია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „შაინ ენერჯისგან“ საკმაოდ კარგი შეთავაზება მიიღეს და გადაწყვიტეს საკუთარი ლოგისტიკური ცენტრის მზის ენერგიაზე გადაყვანა.
„ჩვენი კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი მდებარეობს ქუთაისში. საწყობის ფართობი 6 500 კვადრატული მეტრია. ამ ცენტრიდან მარაგდება მაღაზიების ქსელი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
ლოგისტიკური ცენტრის წლიური მოხმარება მზის ელექტროსადგურით სრულად განულდება. საკმაოდ კარგი შეთავაზება მივიღეთ „შაინ ენერჯისგან“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ინვესტიციის უკუგების ვადა სულ რაღაც 3 წელია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროზე“, - ამბობს გოჩა შამუგია.
სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ლოგისტიკური დირექტორის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შედეგად შესაძლებელია, რომ გამომუშავება 400 000 კილოვატ/საათს გაუტოლდეს, რომელიც სრულად დაფარავს „დეილის“ ელექტროენერგიის მოხმარებას წლის ჭრილში.
,,სამომავლოდ იგეგმება საწარმოო სიმძლავრეების ზრდა და შესაბამისად ვიფიქრებთ, ასევე მზის პანელების სიმძლავრეების გაზრდაზეც“, - ამბობს გოჩა შამუგია.
კომპანია „დეილი“ ადგილობრივ ბაზარზე 2014 წლიდან საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით 230 მარკეტს ფლობს. აქედან მაღაზიების ნაწილი თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, განვითარება გრძელდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
18.07.2026.09:45
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.
წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.
ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.
„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.
Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.