შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - ნინა გადელია
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - აცხადებს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას.
,,ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი გასცდა მხოლოდ სტრატეგიული ხედვის დონეს და გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში - მას ექნება ევროკავშირის მხრიდან როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეწყობა, მათ შორის დაჩქარებული ნებართვების პროცედურები. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და აჩქარებს განხორციელების ვადებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის გავლენა გენერაციის სექტორზე. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურა პირდაპირ ქმნის მოთხოვნას ახალ განახლებადი ენერგიების გენერაციის ობიექტებზე. მზის ენერგეტიკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ ხარისხობრივ ცვლილებას", - ამბობს
Shine Energy-ს დამფუძნებელი.
ნინა გადელია, ასევე ხაზს უსვამს იმ საექსპორტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც მიღებული გადაწყვეტილება აჩენს.
,,დღემდე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ძირითადად შიდა მოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ამ პროექტით კი, პირველად, რეალურად ჩნდება სტაბილური და მასშტაბური ექსპორტის შესაძლებლობა ევროპისკენ. ეს რადიკალურად ცვლის საინვესტიციო ლოგიკას - გაიზრდება პროექტების მასშტაბი, ფინანსური მიმზიდველობა და მათი განხორციელების სისწრაფე. ჩვენთვის, როგორც მზის სადგურების სამშენებლო კომპანიისთვის, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ბაზარი შედის ახალ ფაზაში, სადაც მოთხოვნა იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო სწრაფი და მეტად სტანდარტიზებული პროექტებზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ამ პროცესში პოზიციონირდება როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი ევროპისთვის. მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა ინარჩუნებს საინვესტიციო და ენერგეტიკულ მიმზიდველობას.
საბოლოოდ, ეს პროექტი იქნება უდიდესი ბიძგი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის, განსაკუთრებით მზის სექტორის განვითარებას და ქვეყანას მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოაყალიბებს", - ამბობს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია.
სხვა სიახლეები
მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე
13.05.2026.18:00
Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?
მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.
17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.
რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?
2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.
რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?
ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.
ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.