2026 წელს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები დაბალ დონემდე უნდა ჩამოვიდეს, თუმცა ჩვენთან სიტუაცია საკმაოდ ცვალებადია და უფრო კონსერვატიულად გავითვალისწინეთ ეს ტენდენციები - თამთა სოფრომაძე
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2026 წელს ნავთობის ფასები დაიკლებს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა, კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოსზე გლობალური რისკების გავლენას შეეხებოდა.
„აღვნიშნავ იმას, რომ ამ ტენდენციების ფონზე ცენტრალურ სცენარში, მაგალითად, ჩვენ უფრო კონსერვატიული მიდგომა გვაქვს ჩადებული, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებს. იმიტომ, რომ დღევანდელი მიმოხილვები და ანგარიშები რომ წავიკითხოთ, საკმაოდ საინტერესო სურათია. საერთაშორისო ენერგეტიკის ასოციაცია ატარებს დეტალურ კვლევას ნავთობის მიწოდებისა და მოთხოვნის ანალიზიდან გამომდინარე და, შესაბამისად, აქვეყნებს პროგნოზებს ბრენტის ნავთობის ფასთან დაკავშირებით.
მათი სცენარით, 2026 წელს ბრენტის ნავთობის ფასები საკმაოდ დაბალ დონემდე უნდა ჩამოვიდეს. ასევე სხვა ორგანიზაციებიც, ძირითადად, პროგნოზირებენ იმას, რომ ნავთობის ფასები დაეცემა. თუმცა ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია საკმაოდ ცვალებადია, ცენტრალური სცენარის მიხედვით მაინც უფრო კონსერვატიულად გავითვალისწინეთ ეს ტენდენციები.
გარდა ამისა, უფრო დაბალი ინფლაციური რისკის სცენარშიც, რაც გვაქვს წარმოდგენილი, ზუსტად გათვალისწინებულია ის, თუ როგორ პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ნავთობის ფასების ასეთ სწრაფ შემცირებას,“ – აცხადებს თამთა სოფრომაძე.
სხვა სიახლეები
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა - განცხადება
08.08.2026.15:43
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.
Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ მომზადდა 100%-იანი დეტალური პროექტი, რომლის დროსაც დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.
ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.
უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.
ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.
ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.
ანაკლიის პროექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის” წევრი“, - საუბარია განცხადებაში.