აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.
სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.
პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე.
შესყიდვის ბმული:
სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.