ამერიკაში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „FROM RETROECONOMICS TO SANCTIONOMICS: ESSAYS ON UNCONVENTIONAL ECONOMICS“ [„რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“].
ამერიკაში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „FROM RETROECONOMICS TO SANCTIONOMICS: ESSAYS ON UNCONVENTIONAL ECONOMICS“- „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“.
წიგნი ხელმისაწვდომია Amazon-ზე და თანდართული აქვს ცნობილი ეკონომისტების შეფასებები.
Business Inider Georgia-სთან აკადემიკოს ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ აღნიშნულ წიგნზე ორი ათეული წელი მუშაობდა.
„წიგნი ეხება თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ყველაზე მწვავე და აქტუალურ პრობლემებს. ეს არის არატრადიციულ ეკონომიკაზე ესეების კრებული. განხილულია არასტანდარტული, არატრივიალური საკითხები, რაც თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერებისთვის მთელ მსოფლიოშია აქტუალური. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში დაგროვდა არაერთი გადაუწყვეტელი პრობლემა. წიგნში მოცემულია კრიტიკული მოსაზრებები ტრადიციულ ეკონომიკურ სქემებთან დაკავშირებით და ნაჩვენებია, როგორ შეიძლება დღეს ეკონომიკურ მეცნიერებაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, “ - განაცხადა ლადო პაპავამ.
ამ წიგნის ქართული ვარიანტი ვლადიმერ პაპავამ პირველად საქართველოში 2010 წელს გამოსცა, ხოლო მეორედ ათი წლის შემდეგ.
„როდესაც დავრწმუნდი, რომ ქართულმა გამოცემებმა გაამართლა და ინტერესი გამოიწვია, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე ამ წიგნის ინგლისური ვერსიის გამოცემის გადაწყვეტილება,“- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
სხვა სიახლეები
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა - განცხადება
08.08.2026.15:43
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.
Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ მომზადდა 100%-იანი დეტალური პროექტი, რომლის დროსაც დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.
ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.
უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.
ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.
ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.
ანაკლიის პროექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის” წევრი“, - საუბარია განცხადებაში.