ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე „მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს რეგიონული მედია ფორუმის - "ნარატივის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება ომის დროს" ფარგლებში, მედიის რეგულირების შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ივანე მახარაძემ საქართველოს მედიაგარემოზე, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე, ძირითად ტენდენციებსა და ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
ვიზიტის ფარლგებში, ივანე მახარაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის აუდიო-ვიზუალური საბჭოს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ფორუმი მიზნად უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინას შორის, რეგიონში გამოხატვის თავისუფლების სფეროში დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა. ღონისძიებას აღნიშნული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედია აქტორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა.
სხვა სიახლეები
პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
16.06.2026.17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.
„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.