გენადი არველაძემ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით ყურის თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელს, რაჯა ალ-მარზუკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და GCC - ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. „GCC – ის წევრი ქვეყნები ქართული ექსპორტისთვის სტრატეგიული ბაზარია. აქ კარგად იცნობენ საქართველოს, მის ეკონომიკური პოტენციალს. გარდა ამისა, საბჭოს ქვეყნების უმრავლესობასთან ჩვენს ქვეყანას აქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ზრდადი ტურისტული ნაკადების დინამიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მაგალითი, ვისთანაც ჩვენ უკვე გვაქვს გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს თანამშრომლობა საბჭოს სხვა ქვეყნებთანაც მოიტანს პოზიტიურ შედეგებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა საბჭოს მისიის ვიზიტი საქართველოში - მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის შეხვედრა ექსპერტულ დონეზე გაიმართება. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის წინასწარი კონსულტაციები კარგი საფუძველი იქნება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა 2026 წლის იანვარში კონსულტაციების დასრულების შესახებ. უშუალოდ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალი წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი კონსულტაციების წარმატებით დასრულების და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი
19.05.2026.20:11
ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.