გლობალური დიალოგი საქართველოდან | 22 -23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება
თბილისი 22 -23 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. 2015 წელს დაარსებული ფორუმი უკვე მეხუთედ ტარდება, ამ წლების განმავლობაში ის საერთაშორისო მასშტაბის ბრენდად და გეო-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც რთული გეოპოლიტიკური ძვრებისა და ეკონომიკური ტრანზიციების ეპოქაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში.
ფორუმი ამჯერადაც, ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს - 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატს. 22 ოქტომბერს ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოების მეთაურები, მაღალი რანგის სამთავრობო მოხელეები, მინისტრები, გლობალური კომპანიების აღმასრულებლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. სწორედ ეს დიდი მასშტაბი აქცევს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ მთავარ პლატფორმად.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხაზს უსვამს, რომ მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის მაღალი დონის სადისკუსიო პლატფორმაა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობა.
„აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებსა და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. როგორც ვიცით, ისტორიულად, საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილია და მისი როლი საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრული და ფინანსური ჰაბის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძირეულ რეფორმებსა და პროექტებს, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სახმელეთო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო-სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა, აშენდეს ციფრულ მონაცემთა გაცვლის და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრები, გაიზარდოს პორტების, ახალი ტერმინალების რაოდენობა, გამტარუნარიანობა და ტვირთების მომსახურების შესაძლებლობები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ბოლო წლებში არსებულმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ და გამოწვევებმა შედეგად ახალი დღის წესრიგი შექმნა და მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის ჩვენს რეგიონში -ტრანსკონტინენტური მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, არსებულმა რეალობამ და პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კონტექსტმა ამავდროულად, საქართველოსთვის გარკვეული შესაძლებლობები გააჩინა - რომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი, როგორც სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ჰაბის როლი. ამასთან, „შუა დერეფნის“ მარშრუტი ამ მხრივ სულ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ხდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან ვაჭრობენ აზიასა და ევროპას შორის. ამ მოცემულობის გათვალისწინებით „აბრეშუმის გზის ფორუმის“ როლი და ფუნქცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში.
როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბაზრის ღიაობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები, რომლებსაც დადებითად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიები, მზარდი ეკონომიკა და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო პლატფორმის როლი დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ჰაბის ფუნქციას და გაზრდის მის როლს ევროპისა და აზიის თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში.
„თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო ბუნებრივი გზაჯვარედინი ევროპასა და აზიას შორის. დღეს ეს მემკვიდრეობა განახლებულია: საქართველო საკვანძო მოთამაშეა შუა დერეფანსა და სხვა სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების ინიციატივებში, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. მძლავრი ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ლოგისტიკური ქსელების და არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, EFTA-სთან, UAE-სთან, CIS-თან) გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის. მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები – პორტებიდან სარკინიგზო მაგისტრალებამდე თუ ციფრულ ავტომაგისტრალებამდე – კიდევ უფრო აძლიერებს ამ როლს“, - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
წელს ფორუმის მთავარი მესიჯი და სლოგანია “Invest in Connectivity- Grow in Stability”. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა, სადისკუსიო სესიებსა და პანელებს კი მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. ეს იქნება მაღალი დონის, ცოცხალი დისკუსიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ. ამასთან, პირველად, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს თბილისის ფინანსურ სამიტს, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინანსური სექტორის და ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი პანელების პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც. ეს მოიცავს ფოკუსირებულ სესიებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). ფორმალური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნეტვორკინგს.
ისევე როგორც გასულ წლებში, ფორუმის ფარგლებში წელსაც გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის, სადაც კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს პირისპირ გარიგებებისთვის შეხვედრების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შეთანხმებების ხელმოსაწერად და ინიციატივების დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმებმა ხელი შეუწყო ასობით ორმხრივ შეხვედრას და თანამშრომლობის შეთანხმებას, 2025 წლის ფორუმი კი კიდევ უფრო გაზრდის ამ შესაძლებლობებს.
„ფორუმის დისკუსიები და პარტნიორობა ხელს შეუწყობს უფრო მდგრად, დივერსიფიცირებულ გლობალურ დაკავშირებადობის არქიტექტურას, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას“, - აცხადებს გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.