წინა თვესთან შედარებით კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა გაზრდილია - სებ
სებ-მა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიზნესის შეფასებები არის გათვალისწინებული.
„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის 2026 წლის იანვრის თვის შედეგები:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის იანვარში 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6% ინტერვალში ვარაუდობენ გაზრდილია. თუმცა, იანვარში დეკემბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6-8%-ის ფარგლებში მოიაზრებენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა,
რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ფიქრობენ გაიზარდა. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2-4%-ისა და 4-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც ფასების ზრდას უფრო დაბალ დიაპაზონში, 0-2%-ის, ფარგლებში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, მცირედით ზრდის მიმართულებით გადაიხედა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად, 6-
8%-ისა და 0%-2%ის დიაპაზონში მოიაზრებენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების უცვლელობას ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-20%-
ის ინტერვალსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან გაზრდილია. ამავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის დიაპაზონში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სხვა სიახლეები
რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი - გენადი არველაძე
17.11.2026.11:05
„რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე."
ლენდლორდის მოდელზე საუბრისას, სადაც სახელმწიფო ხდება საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დიდ ინტერესს რეგიონის ქვეყნებიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ასევე ჩინეთიდან, რომელთათვის საინტერესოა აღნიშნული მოდელი.
„უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს, რომ ის სატერმინალო და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ინტერესი არსებობს, რეალური პროექტებია და რეალური დაინტერესებაა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც ნიშნავს, რომ თანაბრად იქნება წარმოდგენილი ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში ანაკლის პორტში, როდესაც გვეყოლებიან ინვესტორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან - ეს იქნება ზუსტად ის ბალანსი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ პორტის სახით და არა მარტო ინვესტიციების ინტერესის ზრდით როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლის პორტის მიმდებარედ ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განვითარდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დავაინტერესოთ ის წარმოებები, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ევროპიდან წარმოებების, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების მიმართულებით და ზუსტად ეს ზონა შესთავაზებს საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ განავითარონ წარმოება საქართველოში, დამატებითი ღირებულება შექმნან და შემდეგ აღნიშნული პორტი, სარკინიგზო და იგივე საგზაო ინფრასტრუქტურა მოემსახუროს უკვე საქართველოში გადამუშავებული, წარმოებული პროდუქტების გატანას როგორც ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში, ასევე ევროპის მიმართულებით" - განაცხადა გენადი არველაძემ.