IT - ბინადრობის ნებართვის შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის მოზიდვას - ირაკლი ნადარეიშვილი
IT სფეროში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები, რომელთა წლიური შემოსავალი 25,000 დოლარის ეკვივალენტს აღემატება, საქართველოში 3 წლით ბინადრობის ნებართვას სპეციალური პირობებით მიიღებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვას, მეტი მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილის შექმნას და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით კი IT მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რეგიონში ტექნოლოგიური IT კომპანიებისთვის.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150-ზე მეტი საერთაშორისო გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი გაიხსნა. საქართველოში ათასობით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტირებას ადგილობრივი კადრების ზრდაში და ამით ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, საქართველოს დატოვების გარეშე, იმუშაონ საერთაშორისო კომპანიებში გლობალურ პროექტებზე. შედეგად, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა IT ტექნოლოგიების ექსპორტმა, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.