ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია - ოთარ შამუგია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს სტენდი კატარის ტრანსპორტის მინისტრმა, კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრმა, მუნიციპალიტეტების მინისტრმა, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, კატარის ტურიზმის საბჭოსა და ავიახაზების პრეზიდენტმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დაათვალიერეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაზე „Agriteq 2023“ საქართველოს სტენდზე 14 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებმაც დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლების განმავლობაში, გალფის ქვეყნებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ინტერესი მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„Agriteq“ ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში, რომელსაც 20 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს, მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა და ოფიციალურ პირებს შეხვდა. გამოფენის გახსნის ღონისძიებას. მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა - განცხადება
08.08.2026.15:43
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.
ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.
Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ მომზადდა 100%-იანი დეტალური პროექტი, რომლის დროსაც დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.
ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.
უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.
ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.
ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.
ანაკლიის პროექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის” წევრი“, - საუბარია განცხადებაში.