ქართული თხილი ევროპის შემდეგ ჩინეთსა და ლიბიაშიც გამოჩნდა
წლევანდელ სეზონზე ფერმერებმა 15%-ით მეტი თხილის მოსავალი აიღეს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა. მისი განმარტებით, წელს შედარებით მაღალი მოსავალი იყო.
„თხილის აღების პროცესი დასრულებულია და წელს შარშანდელთან შედარებით თხილის მოსავლის 15%-ით მეტი მოსავალი ავიღეთ. ხარისხს რაც შეეხება იმ ფერმერებს, რომელთაც უკეთ მოახდინეს მოვლა თხილის უკეთესი ხარისხი აქვთ, ხოლო ვინც არ მოუარა შედარებით დაბალი“, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.
ირკვევა, რომ მეთხილეებისთვის ფაროსანა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
„ფაროსანას პრობლემა ისევ აქტუალურია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ერთობლივი მუშაობით წელს გავაუმჯობესეთ პროდუქტი, რომელსაც ფერმერებს ვთავაზობთ. დავამატეთ ასევე საკონსულტაციო მომსახურებაც და კიდევ გარკვეული სიახლეები იქნება, რათა ფერმერებს მომავალ წელს უკეთესი ფორმატი შევთავაზოთ“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.
რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ტრადიციულ ევროპულ ბაზრებს უკვე ჩინეთი და ლიბია დაემატა.
„მთავარი საექსპორტო ბაზრები ჩვენთვის არის იტალია, გერმანია. თუმცა ინტენსიურად შევდივართ ჩინეთის ბაზარზე, ასევე ისრაელის ბაზარზე და ლიბიის ბაზარზეც გამოვჩნდით“, - ამბობს ჭითანავა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე (ჩატანილი) თხილის ფასი 7 ევროს ფარგლებშია.
ქვეყანაში მოყვანილი თხილის 97%-ი საექსპორტო ბაზრებზე იყიდება, ხოლო 3%-ი ადგილობრივ ბაზარზე რჩება.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.