კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის Vision Air-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას - ლევან მოსეშვილი
კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის Vision Air-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი აკეთებს.
მისი თქმით, საქართველოს მიესალმება ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც ქვეყნის აეროპორტებში ოპერირებას იწყებს.
„Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მისი შემოსვლა ქართულ ბაზარზე პოზიტიური სიგნალია. ეს არის ახალი კავშირი კიშინაუ—თბილისს შორის. ჯერჯერობით კვირაში ერთხელ, შაბათობით. თუმცა, ავიაკომპანია ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, სიხშირეების კვირაში 3-მდე გაზრდას განიხილავს.
Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ასევე, კონკურენციის კუთხით, ეს არის უკვე რიგით მეორე ავიაკომპანია Flyone-ის შემდეგ, რომელიც მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებს“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისივე განმარტებით, 2025 წელი ნამდვილად გამორჩეულია ქართული საავიაციო ბაზრისთვის.
„მხოლოდ წელსვე საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო ხუთმა ახალმა ევროპულმა ავიაკომპანიამ. რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდის რეკორდულობაში. მხოლოდ 9 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურნენ. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული ფრენების რაოდენობა ჯამურად, (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რადგან ის მიუთითებს ქვეყნისადმი მზარდ ნდობასა და ბაზრის პოტენციალზე. ახალი გადამზიდავების შემოსვლამ გააფართოვა მიმართულებების გეოგრაფია — დაემატა როგორც დასავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური ევროპის ახალი ფრენები, რაც პირდაპირ აისახა მგზავრთნაკადზე. წელს ჩვენს ბაზარზე შემოვიდნენ: ბრიტანეთი ფლაგმანი - British Airways, ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, Air Serbia, Transavia France, შვეიცარიული Edelweiss“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - თინათინ რუხაძე
10.07.2026.10:03
კულტურის, ხელოვნების ეკონომიკა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა - განაცხადა გადაცემა Business Insider Georgia-ში საქართველოსკულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ
,,ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, რომ კულტურის ეკონომიკაზე და ხელოვნების ეკონომიკაზე დავიწყოთ საუბარი. ჩვენ ვართ უდიდესი და უძველესი კულტურის ქვეყანა, და მთელმა მსოფლიომ და მსოფლიო გამოციდლებამ დაგვანახა რომ ღირებულებით, მდგრად ეკონომიკურ ძვრებს ხელს უწყობს ხელოვნების ეკონომიკა”, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.