მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - სებ
2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზრდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით l თამარ იოსელიანი
19.05.2026.20:11
ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.