მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, საქართველო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი - მარიამ ქვრივიშვილი
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი უმნიშვნელოვანესია მასში ჩართული თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. პროექტის განხორციელებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნულ პროექტს ექნება უდიდესი როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გადამცემი ხაზით საქართველო და ევროპა ერთმანეთს დაუკავშირდება. „ამით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს გაზრდის," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. „ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გვქონდეს მეტი შიდა გენერაცია, რათა უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა და გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ტრაზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველო კი გახდება ევროპისა და აზიის დაკამავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მე-11 მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, სემეკის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.