ნათია თურნავა ფრანკფურტში SWIFT-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩინური ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემის - CIPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა
SIBOS-ის უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩინური ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემის - CIPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებული თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა CIPS-თან თანამშრომლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით CIPS-ის პრეზიდენტი, ფუ ჰუანგი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქართულ კომერციულ ბანკებთან. სამუშაო შეხვედრა სისტემაში გაწევრიანებისთვის საჭირო პროცედურებსა და ტექნიკურ სტანდარტებს მოიცავდა. ამჟამად, ქართული ბანკების ნაწილი ჩართულია CIPS- ის საგადახდო სისტემაში როგორც არაპირდაპირი წევრები, საკორესპონდენტო ჩინური ბანკების მეშვეობით. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სხვა ქართულმა კომერციულმა ბანკებმაც ისარგებლონ.
ფრანკფურტში შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრესზე ესაუბრათ და შემდგომი გეგმები დაესახათ. ნათია თურნავამ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობებისა და ტურიზმის ზრდის ფონზე კი სახეზეა ქართული საფინანსო ინსტიტუტების CIPS-ში გაწევრიანების პოტენციალი და საჭიროება.
ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ძალისხმევით ქვეყანაში საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემები მუდმივად ვითარდება. CIPS-ში ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყენებული ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემების დივერსიფიკაციას და მხარს დაუჭერს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ ტენდენციას. ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემაში გაწევრიანება აჩენს ჩინურ იუანში დენომინირებული გადარიცხვების განხორციელების დამატებით არხს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის მოთხოვნების გაცილებით მოქნილად, მცირე დროში და შეღავათიანად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ l კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი
12.08.2026.19:54
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.
როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.