რომელ რეგიონებში გამოისყიდეს მოიჯარეებმა ₾634 828 ღირებულების სასოფლო-სამეურნეო მიწა
აქტიურად გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 8 მოიჯარეს, ამბროლაურის, ხობის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 13 ერთეული, ჯამურად - 38,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.
უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 634 828 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.
მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 242 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 295 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 365 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 900 334 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
22.05.2026.18:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 20-მდე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რომელიც საბანკო ასოციაციამ ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადა. მათ შორის საუბარი შეეხო საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე.
საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.