Eagle Hills-მა ქალაქის მთავარ ქუჩაზე გახსნა გაყიდვების ოფისი, რომლითაც ის პირდაპირ არის ორიენტირებული, რომ ქართველ მყიდველებზე ჰქონდეს წვდომა - თორნიკე ზირაქიშვილი
ის ნაბიჯი, რომ მათ აქვთ მიზნობრივად აღებული ქართული ბაზარი, ეს ნიშნავს რომ ფასიც იქნება შესაბამისი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ და იმავდროულად Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავზე გახსნილი Eagle Hills Georgia-ს ოფისი პირდაპირ არის ორიენტირებული ქართველ მყიდველებზე.
„შეგვიძლია ვნახოთ კომპანიის პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ქვეყანაში შემოსვლის დროს. მან გახსნა ქალაქის მთავარ ქუჩაზე გაყიდვების ოფისი, რომლითაც ის პირდაპირ, მიზნობრივად არის ორიენტირებული, რომ ქართველ მყიდველებზე ჰქონდეს წვდომა. რა თქმა უნდა მათ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ბაზარი, კარგად იციან რა არის ხელმისაწვდომობა და ის ნაბიჯი, რომ მათ აქვთ მიზნობრივად აღებული ქართული ბაზარი, ეს ნიშნავს რომ ფასიც იქნება შესაბამისი. სოციალური მედიის საშუალებით უკვე ვხედავთ, რომ გადის პირველი სარეკლამო მასალები და ყველა ჩვენ, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხედავთ ამ ყველაფერს, რომ ჩვენზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა ზირაქიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.
კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იერსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.
ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას.
შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. Eagle Hills-თან აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის მოზიდვა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობებზე შეთანხმება, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.
სხვა სიახლეები
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
12.10.2026.15:38
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის, ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ახალ ინიციატივაზე გააკეთა და განაცხადა, რომ არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი.
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია იყო ძალიან ნაყოფიერი და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება.
„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.
„აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.
საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხოლო უზბეკეთის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.