S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. ამასთან, სააგენტოს შეფასებით ქვეყნის ზომიერი სახელმწიფო ვალის დონე, ძირითადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (IFIs) დროული შეღავათიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ასევე მხარს უჭერს რეიტინგს.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მყარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი იყო, ხოლო სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა.
სარეიტინგო სააგენტო S&P-მ შესაძლებელია მოახდინოს რეიტინგის დადებითად გადახედვა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუკი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ ამჟამინდელ მოლოდინებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა.
,,2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა კვლავ აფიქსირებს 8.3%-იან ზრდას წლიურად, რაც ძირითადად კერძო მოხმარებით არის განპირობებული. სექტორულ ჭრილში მიღწეული მაჩვენებლები ფართომასშტაბიანი იყო, რომელი თვალსაზრიისთაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმი; ტრანსპორტი; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მშენებლობა - რაც ასახავს მომსახურებისადმი მდგრად მოთხოვნას. მოსალოდნელზე ძლიერი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედეთ სრული 2025 წლის ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ზრდა შენელდება 5.2%-მდე 2026 წელს და 4.7%-მდე 2027 წელს", - წერს სარეიტინგო სააგენტო S&P.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები შედარებით გონივრულია რეგიონულ კონტექსტში, რასაც მხარს უჭერს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
გარდა აღნიშნულისა, სარეიტინგო სააგენტო S&P 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს: ,,2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.9% მოიპოვა; ხოლო 2024 წლის დეკემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, 300-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 224 ხმით აირჩიეს ", - აღნიშნულია რელიზში.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრულ ფისკალურ მართვასთან ერთად, ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის დაბალი და მართვადი დონის შენარჩუნებას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკის კურსს. ,,ნეტო შესყიდვებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა ბოლო თვეებში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მყარმა შემოსავლებმა და უწყვეტმა ფინანსურმა ნაკადებმა", - აღნიშნავს S&P.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით ინფლაცია პიკს წლის ბოლოს მიაღწევს და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 3.7%-ს გაუტოლდება - ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.