სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოების, ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტის მხარდაჭერის თანმიმდევრული პოლიტიკა - ირაკლი ნადარეიშვილი
2025 წლის 9 თვეში საქართველოში ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას - 5.2 მლრდ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 14.2%-ით არის გაზრდილი ექსპორტი 2025 წლის სექტემბერშიც და მისი მოცულობა 703.1 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა და 18.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც, ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს წარმატება განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოებისა და უტილიზაციის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტის მხარდაჭერას.
„საერთო ჯამში, ეს იძლევა იმ ეკონომიკურ შედეგს, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით საქართველოში, ექსპორტი და საგარეო ვაჭრობაც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც - სავაჭრო დეფიციტმა 2025 წლის სექტემბერში 737.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 91.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. სექტემბერში შემცირდა იმპორტი 0.3%-ით და მისი ოდენობა 1,440.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ხაზგასასმელია, რომ ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა 2024 წელსაც - ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.