სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში
თიბისი კაპიტალი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა. ამ კუთხით, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევა საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების თაობაზე. დღევანდელი პუბლიკაცია ეთმობა სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვას მულტისავალუტო ეკონომიკებში, აღნიშნული ოპტიმალური სტრუქტურის გამოყენებით.
კერძოდ, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითებზე განხილულია:
კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა;
როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა;
ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები;
და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.
საყურადღებოა, რომ, ჩარჩოს მხოლოდ ბოლო საფეხურის - გაცვლითი კურსის წონასწორული მაჩვენებლების შეფასებისა და მათგან გადახრის - შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ბოლო ხუთ წელიწადში ძალზე მოცულობითი, 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ჩარჩო საკმაოდ ინოვაციურია, ეყრდნობა როგორც მაკროეკონომიკურ ანალიტიკას, ასევე ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას. თიბისი კაპიტალი განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს და მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007132-hedged-exposure-in-multicurrency-economies-combining-macro-with-business-practices
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.