შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ხელს შეუწყობს არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას - ლევან დავითაშვილი
„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ - ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე.
მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთახმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ.
„ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ზოგადად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ამასთან, მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.