წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.
ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და მოცულობამ 271 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე, რაც ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა - მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე უძრავი ქონების, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებში.
ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, არსებული ზრდის ტენდენცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალ თვეებსა და წლებშიც გაიზრდება.
„ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
09.06.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0779 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6607 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6607 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0779 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.