წელს მესამე კვარტალში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის გამოშვების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორში გრძელდება - 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.2%-ით 180.9 მლრდ. ლარამდე გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვებამ 69.3 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 15.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.
„რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით - რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის გამოშვება, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი, რომელიც მესამე კვარტალში დაახლოებით 26 ათასით, ანუ 3.3%-ით გაიზარდა და 814 ათასს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის მიმართულებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის პოზიტიურ ტენდენციებს ის სწორი და მიზანმიმართული მხარდამჭერი მექანიზმები განაპირობებს, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული და სახელმწიფო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ახორციელებს. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოშვების ზრდა თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, დასვენების, ჯანდაცვის და სხვა სექტორები.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო კერძო სექტორისთვის ბიზნეს საქმიანობების ზრდისა და გაფართოების თვალსაზრისით კვლავ მიმზიდველია. ყველა რეკორდული მაჩვენებელი სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკითაა განპირობებული, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, იმ შედეგებს განაპირობებს, რაც ბიზნეს სექტორში ფიქსირდება", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.