ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან - გიორგი აბაშიშვილი ენერგეტიკის სექტორზე
ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან, - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მთავარი მიზანი ენერგოსექტორის გაძლიერებაა.
ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემგახსნა. დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.
„მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა ერთი მილიარდი ლარის უპრეცედენტო პატიება, ჩამოწერა იმ დაგროვებული ვალდებულებებისა და პირგასამტეხლოს ენერგოსექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ეს იყო უმაღლესი დონის პირველი დიალოგი, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, სემეკის თავმჯდომარესთან და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარესთან ერთად, ბიზნესსექტორს ძალიან დეტალურად გააცნო ჯამური ხედვა შემდგომი წლების ენერგეტიკული პოლიტიკისა და იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც სექტორში უნდა განხორციელდეს.
დისკუსიაზე ასევე მთავარი სპიკერი ბიზნესსექტორის მხრიდან იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელმაც ასევე მიმოიხილა სექტორი - რა, სად და როგორი გამოწვევებია ინვესტიციებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.
ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სექტორში მოქმედი კომპანიები საერთო ხედვაზე სრულად თანხმდებიან და ვხედავთ ძალიან კოორდინირებულ მუშაობას იმისათვის, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი - ენერგოსექტორი გაძლიერდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ერთის მხრივ, თვითკმარობა, მეორეს მხრივ კი ენერგოდამოუკიდებლობა და, რაც კიდევ უფრო მთავარია, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. აქ ხედვა საერთოა“, - განმარტა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
16.06.2026.17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.
„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.