აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 9.141% შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის აგვისტოში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.141% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 110 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 აგვისტოსათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 41.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივლისი 2.11) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 2.1 შეადგინა.
აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უცვლელია და 3.73 წელზეა შენარჩუნებული.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.