ჩვენ გვსურს, რომ საქართველოდან დაიფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი
საუბარი მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე აღარ არის, ეს უკვე ბევრად უფრო ფართო გეოგრაფიაა, - ასე პასუხობს Business Insider Georgia-ს მიერ დასმულ კითხვას „განიხილავს თუ არა Mastercard საქართველოს როგორც რეგიონულ ჰაბს სამხრეთ კავკასიაში“ Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, მისი განმარტებით, Mastercard-ის სურვილია, რომ საქართველოდან დაიფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი.
„Mastercard-ის გეგმის მიხედვით, საქართველო ბუნებრივად ფორმირდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად დუბაისა და სტამბოლთან ერთად. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოდან დაიფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი.
თბილისში უკვე ფუნქციონირებს რეგიონული გუნდი, რომელიც პასუხს აგებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ბაზრების - კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნების მხარდაჭერაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ მომხმარებლის ბაზარი აღარ არის; ის ხდება ცოდნის, ინოვაციისა და სერვისების ექსპორტიორი. ჩვენი ხედვა ძალიან მკაფიოა: საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ინოვაციები პირველად ინერგება რეგიონში, იტესტება და შემდეგ მასშტაბირდება მეზობელ ბაზრებზე“, - აცხადებს დავით ზღუდაძე.
მისივე თქმით, დაწყებულიო რეგიონალური პროექტების საქართველოში გადმოყანა.
„ფაქტობრივად ეს უკვე მიმდინარეობს. რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ესენია ტურიზმი და Priceless პლატფორმა. საქართველოს დამატება Priceless.com-ზე ნიშნავს, რომ რეგიონული და გლობალური კამპანიების ნაწილი უკვე საქართველოში გენერირდება და შემდეგ სხვა ბაზრებზე ვრცელდება.
აღსანიშნავია, ასევე, AI და ჰიპერპერსონალიზაცია. Dynamic Yield-ის, AI-ზე დაფუძნებული ჰიპერპერსონალიზაციის პლატფორმის დანერგვა ერთ-ერთ ქართულ პარტნიორთან, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველო ხდება საცდელი გარემო იმ ინოვაციებისთვის, რომლებიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება.
ამ მოდელის ლოგიკა მარტივია: პირველად - საქართველო, შემდეგ - რეგიონი. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ინიციატივები არა მხოლოდ „გადმოვიდეს“ საქართველოს ბაზარზე, არამედ სწორედ აქ დაიხვეწოს და გახდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისათვის“,- ამბობს დავით ზღუდაძე.
სხვა სიახლეები
კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს - დავით რუსია
03.06.2026.17:30
ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც კვლავ არსებული განაკვეთების ფარგლებში დავრჩებით და ამ თვალსაზრისით, დოლარით დენომინირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში მოქმედი რეზერვებისა და კაპიტალის რეგულაციები შედარებით მკაცრია და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის შეხვედრაზე გარკვეული ცვლილებების ინიციატივებიც განიხილეს, თუმცა საკითხები ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის დონეზე რჩება. მისი თქმით, დოლარიზაციის სტრუქტურაც შეიცვალა და დოლარული მასა ძირითადად ფიზიკურ პირებსა და მიკროსესხებზე აღარ ნაწილდება.
„რაც შეეხება დოლარის მასას, ის, ბუნებრივია, ფიზიკურ პირებსა და მიკრო სესხებზე არ მიიმართება და პირდაპირ SME (მცირე და საშუალო ბიზნესი) და კორპორატიულ სეგმენტზე ნაწილდება. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ ეროვნულმა ბანკმა სვოპ მექანიზმები შემოიღოს. ეს ინსტრუმენტი ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარული მასა ცენტრალურ ბანკში განათავსონ, სანაცვლოდ კი ლარის რესურსი მიიღონ, რომელსაც მოგვიანებით, ვალდებულების გასტუმრებისას, უკან დააბრუნებენ. ეროვნული ბანკის პოზიციით, მათთვის ცნობილია ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, თუმცა მიაჩნიათ, რომ საბაზრო მექანიზმებში ზედმეტად ჩარევის უფლება არ აქვთ და ამ საკითხის დარეგულირება უმჯობესია თავად საბანკო სისტემას მიენდოს.
რაც შეეხება უშუალოდ მონეტარული პოლიტიკის მართვას - ეროვნულმა ბანკმა მაისში ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშავა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის იყო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რომელიც, როგორც იცით, 8.25%-მდე განისაზღვრა. ჩვენ, როგორც წესი, ორიენტირად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის ცენტრალურ ბანკს ვიღებთ. ვინაიდან ამ პერიოდში არც აშშ-ს და არც ევროპის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთები არ შეუცვლიათ, ჩვენც ველოდით, რომ მაისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა. მით უმეტეს, რომ ივნისი, ივლისი და აგვისტო მაინც ტურისტული სეზონია და შესაბამისად უფრო მეტად შეიძლება სექტემბერში გვქონოდა პირველი ცვლილება. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რაღაცნაირად პრევენცია მოახდინა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები ჯერჯერობით სუსტდება, რადგან აშშ-ში ინფლაცია 3.8%-ის დონეზე რჩება და ფედერალური რეზერვის 11-12 ივნისის სხდომაზე განაკვეთის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი თქმით, მსგავსი ტენდენციაა ევროპაშიც, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის შერბილების ნაცვლად ახალი გამკაცრების სცენარებიც განიხილება. რუსიას შეფასებით, არსებული პირობები დოლარულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაიაფებას არ უნდა გვაძლევდეს მოლოდინს, ხოლო დამატებითი გაურკვევლობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური რისკები, გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის პერსპექტივას კიდევ უფრო ამცირებს.