ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ივნისში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 17.3%-ია
2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
6 თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით.
წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება.
კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.
კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.