ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით - თემურ ბასილია ლარის 30 წლის იუბილეს ეხმიანება
წარმატებული ფულის რეფორმის შედეგად ქართული ლარი გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, წერს სოციალურ ქსელში მაშინდელი პრემიერის მოადგილე თემურ ბასილია, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების პროცესში სახელისუფლებო სტრუტურების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, იქაც კი, ქართული ლარი მოქმედებდა.
„ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი 30 წლისაა
1995 წლის 25 სექტემბერს საქართველოში ჩატარდა ფულის რეფორმა - მიმოქცევაში გავუშვით ეროვნული ვალუტა - ლარი. ერთი კვირის შემდეგ, 2 ოქტომბრიდან ქართული ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთი საგადამხდელო საშუალება გახდა.
ეროვნული ვალუტის შემოღებაზე დისკუსიები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მალე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს დაიწყო. 1992 წლის იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თენგიზ სიგუას მთავრობის დროს ორი ჯგუფი შეიქმნა, რომელთაგან ერთს უნდა ემუშავა ეროვნული ვალუტის სახელის შერჩევასა და ბანკნოტების დიზაინზე, ხოლო, მეორეს - ფულის რეფორმის ეკონომიკურ საფუძვლებზე. თუ, პირველი მიმართულებით მუშაობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით მეორე მიმართულებაზე, რაც მკაფიოდ გამოჩნდა რუსული რუბლის სუროგატის - კუპონის შემოღების და ფუნქციონირების დროს.
რეალურად ფულის რეფორმის და ეროვნული ვალუტის შემოღების ეკონომიკურ საფუძვლებზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო როდესაც პრემიერ მინისტრი ბატონი ოთარ ფაცაცია გახლდათ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეროვნული ბანკი (ნოდარ ჯავახიშვილი, გივი ჯიღაური, მერაბ კაკულია, დავით კომახიძე), ფინანსთა სამინისტრო (დავით იაკობიძე, მირიან მურჯიკნელი, გივი ერქომაიშვილი), ეკონომიკის სამინისტრო (ვლადიმერ პაპავა, ნოდარ ულუმბერაშვილი, გელა ჩარკვიანი). სწორედ ამ ეკონომიკურმა გუნდმა მოამზადა ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები.
ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების პროცესში ჩართული იყო ყველა სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობა, პრესა, ტელევიზია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირველი არხი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა საზოგადოების ინფორმირებას. უშიშროების სამინისტრომ (მინისტრი იგორ გიორგაძე) უზრუნველყო ლარის კუპიურების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილზე.
უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობა რომელიც ტექნიკურ დახმარებიას გვიწევდა ამ პროცესში.
ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღების პროცესში სახელისუფლებო სტრუტურების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა და პროცესს წარმართავდა პრემიერ მინისტრის მოადგილე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში - თქვენი მონა-მორჩილი (თემურ ბასილია), რომელსაც ასევე პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებით მიყავდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.
ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ განსაკუთრებული რამ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში; ყველა მონდომებული იყო რომ ეს რეფორმა წარმატებით ჩატარებულიყო და თითოეული ეს ადამიანი ვალდებულად და პატივად თვლიდა, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნისა და ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. სწორედ, ეს ერთიანობა გახლდათ ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა რამაც შესაძლებელი გახადა ამ უნიკალური რეფორმის წარმატებით ჩატარება.
სწორედ, ამ წარმატებული ფულის რეფორმის შედეგად ქართული ლარი გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, იქაც კი, ქართული ლარი მოქმედებდა.
სწორედ, ამ წარმატებული ფულის რეფორმის შემდეგ საზოგადოებაში განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით“, წერს თემურ ბასილია.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.