ივლისი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის სტაბილური ზრდის თვე აღმოჩნდა - სტატისტიკური მაჩვენებლები
ივლისი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის სტაბილური ზრდის თვე აღმოჩნდა. გლობალური ბაზრების სისუსტისა და ლარის აშშ დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციის ფონზე, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობას ამცირებს, ივლისის თვის პოზიტიური დინამიკა ძირითადად ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული აქტივების მაღალ და სტაბილურ ამონაგებს უკავშირდება.
ივლისის თვეში, ყველაზე მაღალი - 0.62%-იანი - ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები შესაბამისად 0.51% და 0.20%-ით გაიზარდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებამ 0.17% შეადგინა, რაც პორტფელების რეალურ ამონაგებზე დადებითად აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ თვე დინამიკური პორტფელისთვის შედარებით სუსტი აღმოჩნდა, წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით აღნიშნული პორტფელი ლიდერობს. თუმცა, შემოსავლიანობა სამივე პორტფელში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება:
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.3%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.5% და 11.5%-ს შეადგენენ.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივლისის ბოლოსთვის 7.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს. ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.